Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ჯგუფი ვაშაძის პარტიის აქტივისტებს ფლაერების დარიგებაში ხელს უშლიდა


გიორგი ვაშაძე და მასთან დაპირისპირებული მოქალაქეები რუსთავის პარკში
გიორგი ვაშაძე და მასთან დაპირისპირებული მოქალაქეები რუსთავის პარკში

ადამიანთა ჯგუფი პარასკევს ცდილობდა, რუსთავის პარკში ხელი შეეშალა „სტრატეგია აღმაშენებლის“ აქტივისტებისთვის სახალხო მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ ფარგლებში ფლაერების დარიგებისთვის.

ფლაერების დარიგებაში თავად პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე მონაწილეობდა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ აქტივისტებს შეძახილებით მიჰყვებოდა ადამიანების ჯგუფი, ასევე პოლიციელები.

დასასვენებელი პარკის სიღრმეში, სადაც დამსვენებლები ჭარბობდნენ, რამდენიმე ადამიანმა გიორგი ვაშაძეს პრეტენზია წაუყენეს, რომ ოპოზიცია 3 ივლისს დაგეგმილი აქციით ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობს. მათი თქმით, არ დაუშვებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას. მათ „სტრატეგია აღმაშენებლის“ აქტივისტებს პარკის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. თუმცა ვითარების დაძაბვის გამო „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა დამსვენებლებს შორის ფლაერების გავრცელება ვეღარ შეძლეს.

გიორგი ვაშაძე და მასთან დაპირისპირებული მოქალაქეები რუსთავის პარკში
გიორგი ვაშაძე და მასთან დაპირისპირებული მოქალაქეები რუსთავის პარკში


გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს უთხრა, „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე, ერთი მხრივ, დეპოლარიზაციაზე საუბრობს, მეორე მხრივ კი, „ხალხი მომიგზავნა“-ო.

„როგორ წარმოგიდგნიათ ამ პირობებში დეპოლარიზაცია? დეპოლარიზაცია მოხდება მაშინ, როცა მოხდება დეოლიგარქიზაცია“, - თქვა ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ რუსთაველმა წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ადამიანები, ვინც მათ დაუპირისპირდნენ, „ქართულ ოცნებასთან“ არიან დაკავშირებული, ზოგი აიპ-ებში მუშაობს, ზოგიც ადრე მუშაობდა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა პარკის ტერიტორია გვიან საღამოს დატოვეს, ამის შემდეგ მათთან დაპირისპირებული ადამიანების ჯგუფიც დაიშალა.

XS
SM
MD
LG