Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰომოფობიურმა ჯგუფებმა EU-ს წარმომადგენლობასთან ნატოსა და ევროკავშირის დროშები დაწვეს


ევროკავშირის დროშა, რომელიც ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაწვეს.
ევროკავშირის დროშა, რომელიც ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაწვეს.

ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, რომლებიც ამავე განწყობების მქონე "ალტ-ინფომ" და პარტია "კონსერვატიულმა მოძრაობამ" შეკრიბა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ნატოსა და ევროკავშირის დროშები დაწვეს. სიძულვილის ჯგუფები მანამდე მმართველი პარტიის ოფისთან მივიდნენ და იქ ლგბტ დროშები დაყარეს.

ჰომოფობიური ჯგუფები, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან.
ჰომოფობიური ჯგუფები, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან.

"ახლა რაც დავგეგმეთ, იმას ავასრულებთ", - თქვა ჰომოფობიური ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ დროშის დაწვის წინ.

ჰომოფობიური ჯგუფები "ალტ-ინფოსა" და "კონსერვატიული მოძრაობის" მოწოდებით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დაახლოებით 12:00 საათისთვის შეიკრიბნენ. აქციაზე ისმოდა ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებები. "თბილისი პრაიდის" დახურული ღონისძიების გასაპროტესტებლად შეკრებილებმა განცხადებების მოსმენის შემდეგ ლგბტ დროშა დემონსტრაციულად დახიეს პარლამენტის შენობის წინ და შემდეგ უკვე მმართველი პარტიის ოფისისკენ გაემართნენ.

სიძულვილის ჯგუფები, რომლებიც "თბილისი პრაიდის" ორგანიზებულ დახურულ ღონისძიების ჩატარებას აპროტესტებენ, 5 ივლისის გამარჯვების სიმბოლოს უწოდებენ ჯვარს, რომელიც გასულ წელს ათეულობით ჟურნალისტზე ძალადობის დღეს აღმართეს.

ჰომოფობიური აქციის პარალელურად საგანგებო მაუწყებლობა აქვს "ალტ-ინფოს", რომლის ეთერში გარდა ჰომოფობიური განწყობების გაღვივებისა, შეურაცხყოფენ აშშ-ის ელჩს კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს. ამავდროულად, ისმის ანტიდასავლური მოსაზრებები.

ჰომოფობიურ ჯგუფებს განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა თავშეყრის ადგილებზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, მობილიზებულები იქნებიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს, 2 ივლისს თბილისში დაგეგმილია „პრაიდ კვირეულის” ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი.

გასულ წელს, 5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და "ალტ-ინფოს" მოწოდებით პარლამენტის წინ სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს. მოძალადეებს შორის მხოლოდ 30-ზე მეტი კაცი დააკავეს. მათ შორის არცერთი არ არის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული.

გასული წლის მოვლენების გათვალისწინებით, წელს „თბილისი პრაიდმა“ უარი თქვა საჯარო მანიფესტაციაზე. ამის მიუხედავად, „კვირეულის“ დაანონსებისთანავე ულტრაკონსერვატორები მის ჩაშლაზე საუბარი დაიწყეს საკუთარი ტელევიზიის, „ალტ-ინფოს“ ეთერში თუ სხვა პლატფორმებზე.

XS
SM
MD
LG