Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს მთაწმინდაზე, სადაც ჰომოფობები არიან შეკრებილი


კადრი მთაწმინდაზე დაკავების ამსახველი ვიდეომასალიდან
კადრი მთაწმინდაზე დაკავების ამსახველი ვიდეომასალიდან

17 ადამიანი დააკავეს მთაწმინდაზე, ჰომოფობიური ჯგუფის შეკრებაზე. ეს ჯგუფი "თბილისი პრაიდის" ორგანიზებული ფესტივალის გამართვას აპროტესტებს და ცდილობს ხელი შეუშალოს ღონისძიებაზე მიმსვლელ ხალხს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას, პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, ედავებიან.

ჰომოფობიური აქციის პარალელურად საგანგებო მაუწყებლობა აქვს "ალტ-ინფოს", რომლის ეთერში გარდა ჰომოფობიური განწყობების გაღვივებისა, შეურაცხყოფენ აშშ-ის ელჩს კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს. ამავდროულად, ისმის ანტიდასავლური მოსაზრებები.

ჰომოფობიურ ჯგუფებს პრევენციული განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მოსალოდნელი დაკავების შესახებ გააფრთხილა, თუ გასცდებოდნენ კანონით დადგენილ გამოხატვის ფორმებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა თავშეყრის ადგილებზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, მობილიზებულები იქნებიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს, 2 ივლისს თბილისში დაგეგმილია „პრაიდ კვირეულის” ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი. პარალელურად, ჰომოფობიური ჯგუფები "ალტ-ინფოსა" და "კონსერვატიული მოძრაობის" მოწოდებით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დაახლოებით 12:00 საათისთვის შეიკრიბნენ. აქციაზე ისმოდა ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებები.

გასულ წელს, 5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და "ალტ-ინფოს" მოწოდებით პარლამენტის წინ სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ. მათ 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს. მოძალადეებს შორის მხოლოდ 30-ზე მეტი კაცი დააკავეს. მათ შორის არცერთი არ არის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული.

გასული წლის მოვლენების გათვალისწინებით, წელს „თბილისი პრაიდმა“ უარი თქვა საჯარო მანიფესტაციაზე. ამის მიუხედავად, „კვირეულის“ დაანონსებისთანავე ულტრაკონსერვატორები მის ჩაშლაზე საუბარი დაიწყეს საკუთარი ტელევიზიის, „ალტ-ინფოს“ ეთერში თუ სხვა პლატფორმებზე.

მასალა განახლდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაკავებულების შესახებ ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG