97 წლის ასაკში გარდაიცვალა პიტერ ბრუკი - თეატრის ბრიტანელი რეჟისორი, რომლის გავლენაც მთელ მსოფლიოზე ვრცელდებოდა და რომელმაც, კრიტიკოსების თქმით, სრულყოფილებამდე მიიყვანა ძლიერი სპექტაკლების უჩვეულო ადგილებში დადგმის ხელოვნება.
ბრუკი მთელ მსოფლიოს იყენებდა სცენად თავისი წარმოდგენებისთვის, რომლებიც მოიცავდა შექსპირის ტექსტების რევოლუციურ ინტერპრეტაციებს, ოპერის საერთაშორისო პერფორმანსებს და ინდუიზმის ეპიკური პოემების დადგმებს.
ბრუკი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სპექტაკლებს დგამდა სკოლის შენობებში, მიტოვებულ ქარხნებში, მთების კარიერებზე, გაზის საწარმოთა ძველ ნაგებობებში.
1970 წელს სტრეტფორდში, შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმრის" ბრუკისეული ინტერპრეტაცია მთლიანად თეთრ ფერში იყო წარმოდგენილი, დადგმის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო სცენაზე ჩამოკიდებული საქანელები. ამ დადგმამ ბრუკს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
თეატრალურ წრეებში ბრუკის ავტორიტეტი ურყევი იყო, თუმცა მას ფართო აუდიტორია ნაკლებად იცნობდა, რადგან ბრუკი უარს აცხადებდა კომპრომისზე წასულიყო კომერციულ გემოვნებასთან. მან ბრიტანეთი 1970 წელს დატოვა და სამუშაოდ პარიზში გადავიდა.
ბრუკი ხშირად არიდებდა თავს თეატრების ტრადიციულ შენობებს და ირჩევდა "ცარიელ სივრცეებს", რომელთა ტრანსფორმირებაც შუქით, სიტყვებით, იმპროვიზაციით, მსახიობების ხელოვნებით და მინიშნებების ძალით იყო შესაძლებელი.
"მე შემიძლია ავიღო ნებისმიერი ცარიელი სივრცე და მას სცენა ვუწოდო", - წერდა ბრუკი თავის პოპულარულ წიგნში, 1968 წელს გამოცემულ პუბლიკაციაში სათაურით "ცარიელი სივრცე".
ბრუკს დადგმული აქვს სპექტაკლები აფრიკის სოფლებში, სადაც მისი მსახიობები იმპროვიზებულ წარმოდგენებს თამაშობდნენ, და ბევრ მცირე თუ დიდ სცენაზე, მთელ მსოფლიოში.
ბრუკი იყო მიუზიკლების რეჟისორიც, აშშ-ში მან დადგა ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო წარმოდგენა. პოეტ ტედ ჰიუზთან ერთად, ბრუკი იყო თანაავტორი პრომეთეს მითის ექსპერიმენტული ვერსიისა. საფრანგეთში, მთის კარიერზე, 1985 წელს ბრუკმა დადგა სანსკრიტზე შექმნილი ეპიკური პოემა "მაჰაბჰარატა", რომელიც ცხრა საათის განმავლობაში გრძელდებოდა და რომელმაც მას, როგორც რეჟისორს, დიდი აღიარება არგუნა წილად.
კრიტიკოსების თქმით, ბრუკის მიდგომა თეატრს ზედმეტობისგან ათავისუფლებდა და აბრუნებდა დრამის ფუნდამენტურ საწყისებთან, რომლებიც მკაფიო ხედვით და ელეგანტური სტილით იყო გადმოცემული.
დაწერეთ კომენტარი