უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის უფროსი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთის გეგმა უკრაინის სრულად განადგურებაა.
გენერალ-მაიორმა ბუდანოვმა ინტერვიუ მისცა გამოცემა РБК-Україна-ს. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რომელი ვერსიაა სინამდვილესთან უფრო ახლოს მაშინ, როცა დასავლეთის სახელმწიფოთა განცხადებით, უკრაინაში პუტინის გეგმა რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაპყრობაა და ამასთან, რუსეთის რიტორიკა თითქოს, იცვლება იმით, რომ დონბასი შესაძლოა, საკმარისი იყოს.
კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ორიენტირი საკუთარი ინფორმაციაა და სრული პასუხისმგებლობით ამბობს, რომ რუსეთის გეგმა უკრაინის მთლიანად განადგურებაა. „ხოლო ნებისმიერ ინსინუაციებზე იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მათ დონბასი იმყოფინონ, გთხოვთ, ასეთი შეკითხვები არც კი დამისვათ. ჩვენ ტერიტორიებით არ ვივაჭრებთ“, - უთხრა გამოცემას უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა. კირილ ბუდანოვის პროგნოზით, რუსეთთან ომი დასრულდება იმით, რომ უკრაინა მივა 1991 წლის მდგომარეობით არსებულ საზღვრებამდე, ეს მომავალ წელს მოხდება, გარდატეხის პირველ შედეგებს კი, სავარაუდოდ, ამ წლის აგვისტოში მიაღწევენ.
3 ივლისს, დღისით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უპატაკა, რომ ქალაქ ლისიჩანსკსა და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებზე "სრული კონტროლი დაამყარეს" და “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა გათავისუფლებულია“. დღის მეორე ნახევარში, უკრაინის ხელისუფლებამ დაადასტურა ლისიჩანსკზე კონტროლის დაკარგვა, თუმცა, როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა არაფერს დათმობს, ამის კარგი მაგალითი კუნძული ზმეინია და მოვა დღე, როცა იმავეს იტყვიან დონბასზე.
ლისიჩანსკი რჩებოდა ლუგანსკის ოლქის ბოლო დიდ ქალაქად, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებდა.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".