„რუსთავის ფოლადის" ასამდე თანამშრომელი, სორტულ საამქროში დასაქმებულები, ხელფასის 30 პროცენტით გაზრდას და ე.წ. მე-13 ხელფასის დაწესებას მოითხოვენ. მათი საშუალო ხელფასი 800-900 ლარია. სორტულ საამქროში სამშენებლო არმატურა მზადდება. გაფიცვის გამო საამქრო გაჩერებულია.
ერთ-ერთმა გაფიცულმა სერგო მარიამიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გაფიცვა გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„ვაფრთხილებდით ქარხნის ხელმძღვანელობას, რომ გავიფიცებოდით, თუ ხელფასებს არ მოგვიმატებდნენ. ასე რომ, ჩვენი აქცია მათთვის მოულოდნელი არ არის და, წესით, უკვე უნდა ჰქონდეთ შემხვედრი წინადადებები", - თქვა სერგო მარიამიძემ.
გაფიცულებს სოლიდარობა გამოუცხადა გაერთიანებულმა პროფკავშირმა. მეტალურგთა, მეშახტეთა და მაღაროელთა პროფკავშირების რუსთავის წარმომადგენელმა გიორგი ტყემალაძემ თქვა, რომ ისინი ჩაერთვებიან საწარმოს ადმინისტრაციასთან გაფიცულთა მოლაპარაკებებში, რომელიც ხვალ, 5 ივლისს, არის დაგეგმილი.
საწარმოს დირექციამ გაავრცელა განცხადება, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება გაფიცულებთან იმ იმედით, რომ ისინი მუშაობას განაახლებენ. როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს, „ბოლო 3 წლის განმავლობაში ქარხნის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა 5-ჯერ განხორციელდა".
განცხადების თანახმად, ხელფასები ბოლოს 2022 წლის 1 იანვარს გაიზარდა და განახლებულ ხელშეკრულებებს ყველა დასაქმებულმა მოაწერა ხელი. ამასთან, კომპანია აღნიშნავს, რომ, თავის მხრივ, ზედმიწევნით ასრულებს ამ ახალი შრომითი ხელშეკრულებების ვალდებულებებს.
დაწერეთ კომენტარი