ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის ამოცანად რჩება უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა. ცენტრის ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის ბოლო განცხადებაზე, რომელიც ეხებოდა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნებს.
5 ივლისს ხაბაროვსკში, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ თათბირზე პატრუშევმა განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მიუხედავად, რუსეთი მიაღწევს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნებს. პატრუშევმა მიზნებად დაასახელა „უკრაინის ნეონაცისტური რეჟიმისგან ხალხის დაცვა, უკრაინის ტერიტორიის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია და კონსტიტუციაში გაწერილი ნეიტრალური სტატუსი“.
ISW-ის შეფასებით, პატრუშევის განცხადება აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლება არ შემოიფარგლება დონეცკსა და ლუგანსკში წარმატების მიღწევით და ემზადება ხანგრძლივი ომისთვის, რათა დაიპყროს უკრაინის გაცილებით დიდი ნაწილი.
რაც შეეხება უშუალოდ საომარ მოქმედებებს, ამერიკული ანალიტიკური ცენტრის თანახმად, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკზე კონტროლის დამყარების შემდეგ, რუსეთის სამხედრო ძალები ცდილობენ პირობების შექმნას შეტევისთვის დონეცკის ოლქის სამ ქალაქზე - ბახმუტზე, სევერსკსა და სლავიანსკზე. ISW-ის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა სლავიანსკის მიმართულებით რუსეთის იერიში მოიგერიეს ორ დასახლებულ პუნქტთან, წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს დონეცკიდან სამხრეთ-დასავლეთით და დაიბრუნეს ადმინისტრაციული ცენტრიდან 30 კილომეტრში მდებარე სოფელი სლადკოე.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს 3 ივლისს უპატაკა, რომ "სრული კონტროლი დაამყარეს" ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკსა და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებზე და “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა გათავისუფლებულია“. იმავე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ "მძიმე ბრძოლების შემდეგ", უკრაინელმა სამხედროებმა ლისიჩანსკში პოზიციები დატოვეს. გენშტაბის განცხადებით, არტილერიის, ავიაციის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების და ცოცხალი ძალის მხრივ, მოწინააღმდეგის დიდი უპირატესობის პირობებში, ლისიჩანსკის დაცვის გაგრძელება საბედისწერო შედეგებს მოიტანდა, ამიტომ, უკრაინის დამცველთა სიცოცხლის გადასარჩენად გადაწყდა ქალაქიდან უკან დახევა.
ლისიჩანსკი რჩებოდა ლუგანსკის ოლქის ბოლო დიდ ქალაქად, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლისიჩანსკიდან უკან დახევა იმით ახსნა, რომ უკრაინა საკუთარ ხალხს უფრთხილდება. ზელენსკის განცხადებით, თუ არმიის სარდლობას სამხედროები გაჰყავს ფრონტის ზოგიერთი წერტილიდან, სადაც მტერს დიდი უპირატესობა აქვს, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ დაბრუნდებიან ტაქტიკის და უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდების წყალობით. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა არაფერს დათმობს, ამის კარგი მაგალითი კუნძული ზმეინია და მოვა დღე, როცა იმავეს იტყვიან დონბასზე.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".
დაწერეთ კომენტარი