ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კარინ კნაისლმა ქვეყანა დატოვა. კნაისლმა ამერიკულ გამოცემა Washington Post-ს უთხრა, რომ გადაწყვეტილება მის უსაფრთხოებას უკავშირდება, რადგან მოკვლით ემუქრებოდნენ. ვისგან იღებდა მუქარას და დაწყებულია თუ არა გამოძიება, დაზუსტებული არ არის. Washington Post-ის ჟურნალისტი კნაისლს რუსეთთან ავსტრიელი პოლიტიკოსების კავშირების შესახებ სტატიის მზადების გამო დაუკავშირდა.
კარინ კნაისლი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2017-2019 წლებში და ქვეყნის მთავრობაში წარმოადგენდა ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიას“, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.
2018 წელს, კნაისლმა თავის ქორწილში დაპატიჟა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და მასთან ერთად ვალსიც იცეკვა. 2021 წელს, კარინ კნაისლი აირჩიეს რუსეთის სახელმწიფო კომპანიის, „როსნეფტ“-ის დირექტორთა საბჭოს წევრად. კნაისლმა საბჭო 2022 წლის მაისში დატოვა. ცოტა ხნით ადრე, „როსნეფტი“ ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.
დაწერეთ კომენტარი