აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიმდინარე კვირაში "დიდი ოცეულის" (G20) სახელმწიფოებს მოუწოდებს, რუსეთზე ზეწოლა განახორციელონ და მხარი დაუჭირონ გაეროს ძალისხმევას, რათა გაიხსნას უკრაინის ომის გამო ბლოკირებული საზღვაო გზები - და, ამასთან, კიდევ ერთხელ გაეგზავნოს გაფრთხილება ჩინეთს, რომ მან მოსკოვის ომს მხარი არ უნდა დაუჭიროს.
ბლინკენი 6 ივლისს მიემგზავრება აზიაში, სადაც 8 ივლისს ბალიში შეხვდება "დიდი ოცეულის" სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს. ვიზიტის დროს ის შეხვედრას გამართავს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან კი ბლინკენის შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რამინ ტულუმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბლინკენი წამოჭრის ენერგეტიკის უსაფრთხოების საკითხს და ილაპარაკებს აშშ-ის ინიციატივაზე უკრაინის და რუსეთის საკვები პროდუქტების და სასუქების გლობალურ ბაზრებზე დასაბრუნებლად. უკრაინა, მოსკოვის მხრიდან ქვეყანაში შეჭრის ფონზე, რუსეთს ბრალს სდებს მისი მარცვლეულის მოპარვაში და პორტების ბლოკირებაში, რაც შეუძლებელს ხდის მარცვლეულის ექსპორტს და აძლიერებს საკვების გლობალურ დეფიციტს.
მიმდინარე კვირაში უკრაინამ გამოაცხადა, რომ თურქეთთან და გაეროსთან მართავს მოლაპარაკებებს მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველსაყოფად. მოსკოვი უარყოფს უკრაინის მარცვლეულის მისაკუთრებას, მაგრამ სატელიტური სურათები და GPS-ის მონაცემები აძლიერებს ბრალდებებს, რომ რუსეთი უკრაინის მარცვლეულის ექსპორტს ყირიმის სევასტოპოლის პორტის მეშვეობით ახორციელებს. რუსეთმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსირება.
დაწერეთ კომენტარი