Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის მაჩვენებლის გაორმაგების შემთხვევაში, შესაძლოა პირბადის გამოყენებაზე იმსჯელონ


ივანე ჩხაიძე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი
ივანე ჩხაიძე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი

კორონავირუსის შემთხვევათა ყოველკვირეული მაჩვენებლის გაორმაგების შემთხვევაში, საკოორდინაციო და იმუნიზაციის საბჭოები, სავარაუდოდ, სტატისტიკის ყოველდღიურად გამოქვეყნებასა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესის შემოღების საკითხზე იმსჯელებენ, ამის შესახებ მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.

„თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და ყოველ კვირას გაორმაგდა შემთხვევების რაოდენობა, ჩვენ, პირველ რიგში, მოგვიწევს გადასვლა ყოველდღიურ სტატისტიკაზე და არა ყოველკვირეულზე, ვინაიდან ეს მაჩვენებელი არის მართლაც საგანგაშო“, - თქვა ივანე ჩხაიძემ.

რაც შეეხება პირბადის ტარების საკითხს, მისი სიტყვებით, „ნიღბის ტარების სავალდებულოობას საკოორდინაციო და იმუნიზაციის საბჭო ჯერჯერობით არ გამოაცხადებს, ამ ციფრების ფონზე“, ვინაიდან ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, „მაგრამ თუ გაორმაგების ტენდენცია შენარჩუნდა, შესაძლებელია მომდევნო კვირების განმავლობაში, ეს საკითხი იყოს განხილული იმუნიზაციის საბჭოზე“.

ამასთან, ივანე ჩხაიძის განცხადებით, შემოდგომაზე არსებობს კორონავირუსის პანდემიის პიკის მოლოდინი. „თვეც არის დასახელებული - ოქტომბერი. ტერმინიც არის გამოყენებული, რომელიც ასახავს ამ მოლოდინის სიმძაფრეს, რომ ჩვენ შესაძლოა, შემოდგომაზე გველოდეს კორონავირუსის პანდემიის ახალი ტალღა ცუნამის მსგავსი. ეს ხატოვანი გამონათქვამია, მაგრამ რეალურ მოლოდინს ასახავს“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 2,4-ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე წინა კვირაში.

ბოლო კვირების განმავლობაში პირველად, ინფიცირების 7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია (4,05%).

27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ვირუსი დაუდასტურდა 2570 ადამიანს, წინა კვირაში - 20-26 ივნისს კი, 1056 ადამიანს. გარდაიცვალა 3 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG