Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში სასწრაფოს ექიმები მენეჯერის გათავისუფლებას მერიასთან აპროტესტებენ


სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომელთა აქცია ქუთაისში
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომელთა აქცია ქუთაისში

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერის, მაია რუხაძის სამსახურიდან გათავისუფლება ქუთაისის მერიასთან გააპროტესტა ცენტრის მედპერსონალმა.

ექიმებისთვის უცნობია, რატომ და ვისი გადაწყვეტილებით მოხსნეს მენეჯერი დაკავებული თანამდებობიდან.

„ველოდით, მადლობას გამოგვიცხადებდნენ, რადგან პანდემიის მართვაში აქტიურად ვიყავით ჩართულები და შევდიოდით ყველა ოჯახში. არ ვიცით, რამდენად საფუძვლიანია მაია რუხაძის გათავისუფლება. აგვიხსნან, რატომ არის ეს ადამიანი შეუფერებელი და დავემორჩილებით სუბორდინაციას“, – აცხადებენ ექიმები.

სასწრაფო დახმარების მედიკოსთა თქმით, მერიასთან მივიდნენ იმის გამო, რომ მისმა წარმომადგენლებმა ყველაზე კარგად იციან, რა შრომას ეწევიან ბრიგადები ყოველდღიურად და როგორ მუშაობდა ქუთაისის ცენტრი მაია რუხაძის ხელმძღვანელობით.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პასუხების მიღებამდე გააგრძელებენ პროტესტს ქუთაისის მერიასთან, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებიც დააყენეს. მედიკოსები ამბობენ, რომ გამოძახებაზე ამ ტერიტორიიდან გავლენ.

რადიო თავისუფლება, მცდელობის მიუხედავად, ტელეფონით ვერ დაუკავშირდა მაია რუხაძეს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში კი გვითხრეს, რომ თემასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG