მოსკოვის ცენტრში, სმოლენსკის სანაპიროს იმ მონაკვეთს, რომელზეც დიდი ბრიტანეთის საელჩო მდებარეობს, ოფიციალურად შეეცვალა სახელი და დაერქვა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი. ამის შესახებ 6 ივლისს განაცხადა საქალაქო ამბების სააგენტომ მოსკოვის საქალაქო ქონების დეპარტამენტზე დაყრდნობით.
სახელის შეცვლის შესახებ დადგენილებას მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 5 ივლისს მოაწერა ხელი. ქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ სახელის შეცვლა მოხდა კენჭისყრის მიხედვით, რომელიც ოფიციალურ პორტალზე ჩატარდა და მასში 100 ათასზე მეტმა მოსკოველმა მიიღო მონაწილეობა. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, კენჭისყრის შესახებ ცალკე ანონსი საიტზე არ გამოქვეყნებულა.
ქუჩისთვის, რომელზეც მდებარეობს ბრიტანეთის საელჩო, სახელი არასოდეს გამოუცვლიათ. დიპლომატიური წარმომადგენლობის საიტზე კვლავაც მითითებულია ძველი მისამართი: სმოლენსკის სანაპირო, სახლი 10. მანამდე მოსკოვის ხელისუფლებამ სახელი შეუცვალა მონაკვეთს ქალაქის ცენტრში, სადაც აშშ-ის საელჩო მდებარეობს. მას დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი დაერქვა. საელჩო ახლა თავის საიტზე ზუსტი მისამართის ნაცვლად გეოგრაფიულ კოორდინატებს მიუთითებს.
დაწერეთ კომენტარი