Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებისთვის“ მოსკოვის საბჭოს დეპუტატს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს


მოსკოვის საბჭოს დეპუტატი ალექსეი გორინოვი სასამართლო პროცესზე. 8 ივლისი, 2022 წელი
მოსკოვის საბჭოს დეპუტატი ალექსეი გორინოვი სასამართლო პროცესზე. 8 ივლისი, 2022 წელი

მოსკოვის მეშჩანის რაიონის სასამართლომ ქალაქის კრასნოსელსკის ოლქის საბჭოს დეპუტატს, ალექსეი გორინოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ეს პირველი განაჩენია რუსეთის არმის შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებისთვის.

60 წლის იურისტი გაასამართლეს მუნიციპალური საბჭოს სხდომაზე გამოსვლის გამო, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. აპრილის დასაწყისში ტელეგრამის კრემლის მომხრე არხებმა გაავრცელეს ცნობა, რომელშიც ეყრდნობოდნენ 15 მარტს ჩატარებული სხდომის ჩანაწერს.

დეპუტატებმა, ალექსეი გორინოვის წინადადებით, პატივი მიაგეს უკრაინაში აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას. გორინოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ომის შეწყვეტისკენ.

რუსეთის მთავრობა უარყოფს, რომ უკრაინაში ომია და მას „სპეცოპერაციას“ უწოდებს.

მუნიციპალური საბჭოს სხდომის ჩანაწერი გაეგზავნა გენერალურ პროკურატურას, რის შემდეგაც ორი დეპუტატის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მეორე ეჭვმიტანილი, ელენა კატირონოჩკინა, უცხოეთში გაემგზავრა.

სასამართლოს დასკვნის თანახმად, გორინოვმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და სიძულვილის მოტივით, თავისი გამოსვლისას რუსეთის არმიის შესახებ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია. პატიმრობასთან ერთად, მას ოთხი წლით აეკრძალა სახელმწიფო თანამდებობის დაკავება, იტყობინებოდა სასამართლოს დარბაზიდან "მედიაზონის" კორესპონდენტი.

გორინოვი ბრალდებას უარყოფს. თავის ბოლო სიტყვაში მან თქვა, რომ ფიქრობდა, რომ რუსეთმა ომების ლიმიტი ამოწურა უკვე XX საუკუნეში. არადა, „ჩვენი აწმყო ესაა ბუჩა, ირპენი, გოსტომელი. რამეს გეუბნებათ ეს სახელები? თქვენ, ბრალდებავ! დაინტერესდით და არ თქვათ მერე, რომ არაფერი იცოდით“, - განაცხადა მან სასამართლოზე და დასძინა: „ხუთი თვეა, რუსეთი საომარ მოქმედებებს აწარმოებს და სამარცხვინოდ უწოდებს მას სპეციალურ ოპერაციას. გამარჯვებას და დიდებას გვპირდებიან. კი, მაგრამ რატომ განიცდის არც თუ მცირე რიცხვი ჩემი თანამემამულეებისა სირცხვილსა და დანაშაულს? რატომ გამოუჩნდა ჩვენს ქვეყანას ამდენი არამეგობარი? იქნებ ჩვენ გვჭირს რამე? მოდით, ეს განვიხილოთ. აი, ეს გავაკეთე დეპუტატთა საბჭოს სხდომაზე, - “თქვა მან და განაცხადა, რომ სურს მომავლის რუსეთში უკრაინაში ელჩი გახდეს.

აპრილში საბჭოში ჩხრეკის შესახებ იტყობინებოდა ოპოზიციონერი დეპუტატი ილია იაშინი, რომელიც საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე იყო დაბარებული, როგორც მოწმე. დაკითხვის შემდეგ ის გაუშვეს.

სააგენტო „ინტერფაქსის“ თანახმად, იაშინმა ასევე გამოაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების, ალექსანდრ ხინშტაინის და ოლეგ ლეონოვის განაცხადის შემდეგ.

„შვიდი წლით პატიმრობა სიტყვებისთვის. შვიდი წლით პატიმრობა დაბეზღების გამო“, - აღნიშნავს ფეისბუკზე ანდრეი პივოვაროვი, ცნობილი ოპოზიციონერი აქტივისტი, რომელსაც ხუთი წლით ციხე აქვს მისჯილი „არასასურველი ორგანიზაციის“ ხელმძღვანელობისთვის. „რუსეთში ბნელი რეპრესიების ახალი ბნელი ერა დაიწყო“, - დაწერა მან გორინოვისთვის განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

XS
SM
MD
LG