Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო გამოსვლების შედეგად შრი-ლანკის პრეზიდენტი გადადგომას დასთანხმდა


დემონსტრანტები პრეზიდენტის სასახლეში
დემონსტრანტები პრეზიდენტის სასახლეში

შრი-ლანკის პრეზიდენტი გოთაბაია რაჯაპაკსა, რომლის რეზიდენციაც კოლუმბიაში შაბათს ათასობით მომიტინგემ დაიკავა, 13 ივლისს გადადგება. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ ვიდეომიმართვაში შაბათს საღამოს განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტისა და უმსხვილესი პარტიების ლიდერების შეხვედრაზე, რომელიც დემონსტრანტების მიერ პრეზიდენტის რეზიდენციის დაკავების შემდეგ მოიწვიეს, გადაწყდა პრეზიდენტის გადადგომა. სპიკერის თქმით, რაჯაპაკსამ, რომელიც, სავარაუდოდ, უსაფრთხო ადგილას იყო ევაკუირებული, შეთავაზება მიიღო. გადადგომა მოხდება 13 ივლისს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ აუცილებელია ძალაუფლების გადაცემის მომზადება.

არ არის ცნობილი, თუ ვისზე გადავა პრეზიდენტის ძალაუფლება. პრემიერ-მინისტრი რანილ ვიკრამასინგე, რომელმაც პოლიტიკოსების საგანგებო შეხვედრა მოიწვია, სავარაუდოდ, ასევე დასთანხმდა გადადგომას. შაბათს საღამოს დემონსტრანტები კოლომბოში მის სახლში შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს.

თავად პრეზიდენტი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს არ აკეთებს. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაღებული ფოტო და ვიდეომასალები – მომიტინგეები მდიდრულ ინტერიერში არიან და აუზშიც კი ბანაობენ.

შრი-ლანკაში საპროტესტო აქციები წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს, მათ გამო უკვე გადადგა თანამდებობიდან წინა მთავრობის მეთაური, პრეზიდენტის უფროსი ძმა. ქვეყნის ეკონომიკა უდიდეს კრიზისს განიცდის - ქალაქებში საწვავის, მედიკამენტების და ზოგიერთი პროდუქტის დეფიციტია, სავალუტო რეზერვები კი მთლიანად ამოწურულია. ხელისუფლება ამაში კორონავირუსის პანდემიას ადანაშაულებს, რამაც ტურიზმის შემცირება გამოიწვია, რაც ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების მთავარი წყარო იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG