ჰოსპიტალ "ბაუ"-ში 10 ივლისს გარდაიცვალა 20 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 12 ივნისს ბათუმში ერთ-ერთი მშენებარე შენობიდან გადმოვარდნილი ბლაგვი საგანი დაეცა.
კლინიკა „ბაუს“ პრესსამსახურში ამბობენ, რომ ახალგაზრდა 12 ივნისს თავის ქალის მძიმე ტრავმით შეიყვანეს კლინიკაში. ექიმების მიერ პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე შეფასდა, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი გარდაცვალებამდე გრძნობაზე არ მოსულა.
20 წლის ახალგაზრდა შუახევის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო, ბათუმში კი სწავლობდა და მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 12 ივნისს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას.
ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მომხდარის შემდეგ ჩატარებული შემოწმებით მშენებლობაზე დარღვევა არ გამოუვლენიათ.
„კობალაძის ქ. #18-ში, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მოკვლევას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, შრომის ინსპექცია და საგამოძიებო უწყება აწარმოებდა. შ.პ.ს. "დიეს ვაით ლაინი"-ს მიმართ მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ინციდენტთან დაკავშირებით დარღვევა არ დაფიქსირებულა“.
ამასთან, მუნიციპალურ ინსპექციაში განმარტავენ, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები წინა წლებშიც შეამოწმეს და კომპანიას საჯარიმო სანქციებიც დააკისრეს, მოგვიანებით კი სამართალწარმოება შეწყდა, ვინაიდან მშენებელმა კომპანიამ მითითებები გაითვალისწინა.
„ქ. ბათუმში, კობალაძის ქ. #18-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის უსაფრთხოების წესების დარღვევით მშენებლობის გამო ა(ა)იპ "ბათუმის მუნიციპალურ ინსპექცია"-ში შ.პ.ს. "დიეს ვაით ლაინი"-ს მიმართ მიმდინარეობდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება 2019 წლის 05 აგვისტოდან და აღნიშნული კომპანიის მიმართ დროის სხვადასხვა პერიოდში გატარებულ იქნა საჯარიმო სანქციები და დავალდებულდა მოეხდინა ობიექტზე უსაფრთხოების წესების დაცვა. 2021 წლის 19 ნოემბერს კომპანიის მიმართ მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება შეწყდა, ვინაიდან აღმოიფხვრა სამართალდარღვევა. თუმცა, სამსახურის მიერ პერიოდულად მოწმდებოდა ობიექტის უსაფრთხოების წესებთან შესაბამისობა და ამ დროისათვისაც მიმდინარეობს ობიექტის შესწავლა უსაფრთხოების სპეციალისტების მიერ“, - აცხადებენ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში.
ინსპექციის თანახმად, კომპანია სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მიმდინარე მშენებლობის გამოც დააჯარიმეს.