Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბელსატის" ჟურნალისტ კატერინა ანდრეევას კიდევ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს


ჟურნალისტი კატერინა ანდრეევა
ჟურნალისტი კატერინა ანდრეევა

ბელარუსში გომელის საოლქო სასამართლომ არხ „ბელსატის“ ჟურნალისტ კატერინა ანდრეევას (ბახვალოვას) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სახელმწიფოს ღალატში ცნეს დამნაშავედ. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იტყობინება.

საქმე ერთ კვირაზე მეტ ხანს განიხილებოდა, პირველი სხდომა 4 ივლისს გაიმართა. რა დაედო საფუძვლად ბრალდებას, უცნობია. განაჩენის რეზოლუციურ ნაწილში, რომელიც დღეს წაიკითხა მოსამართლემ, ლაპარაკი იყო სახელმწიფო საიდუმლოებათა გადაცემაზე უცხოური ორგანიზაციისთვის. ამის შესახებ The Insider-ს მოუყვა ანდრეევას მეუღლე იგორ ილიაში. „ეს უეჭველად მისი პროფესიული საქმიანობისთვის შურისძიებაა“, - თქვა ილიაშმა ახალი განაჩენის შესახებ.

ბელარუსის ჟურნალისტების ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, ბორის გორეცკიმ განაცხადა, რომ კატერინა ანდრეევას სასამართლო ხელისუფლებამ მოაწყო საიმისოდ, რომ „შიში ჩაუნერგოს ჟურნალისტებს და მთლიანობაში საზოგადოებას და აჩვენოს, რომ ასეთი ანგარიშსწორება ბელარუსში ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუწყონ“.

ეს ანდრეევას მეორე განაჩენია. 2021 წლის 18 თებერვალს მინსკის სასამართლომ ანდრეევა და მისი კოლეგა დარია ჩულცოვა დამნაშავედ ცნო 2020 წლის 15 ნოემბრის აქციის რეპორტაჟისას წესის დარღვევაში. ჟურნალისტებს 2 წლით კოლონიაში პატიმრობა მიესაჯათ. ანდრეევა პატიმრობას იხდიდა გომელის №4 ქალთა კოლონიაში. ის სექტემბერში უნდა გათავისუფლებულიყო.

უფლებადამცველებმა ანდრეევა და ჩულცოვა პოლიტპატიმრებად მიიჩნიეს.

„ბელსატის“ ჟურნალისტის მიმართ ახალი სისხლის სამართლის საქმის შესახებ თებერვალში გახდა ცნობილი. ამის შემდეგ ის კოლონიიდან გომელის საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს. სასამართლო მაისში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ უცნობი მიზეზით გადაიდო.

„ბელსატი“ 2007 წელს შეიქმნა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პოლონეთის საზოგადოებრივ ტელევიზიას (TVP) შორის შეთანხმების საფუძველზე. 2021 წლის ივლისში ბელარუსის ხელისუფლებამ ტელეარხის საიტი და სოცქსელებში მისი გვერდები ექსტრემისტულად გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG