Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰარცელი: დაჟინებით მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, დაიცვას სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები


კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელისთვის მოქალაქეების მიერ სოციალური ქსელით დასმულ შეკითხვებს შორის იყო კითხვაც, რომელიც შეეხებოდა პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას იმ კონტექსტში, რომ ეს შეიძლება გახდეს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების წინაპირობა. შეკითხვის პასუხად კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ცალკეულ საქმეებზე საუბარი მისი მანდატის მიღმაა, მაგრამ ეს საქმეები დაიწყო იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ურჩევდა უფრო მაღალი სტანდარტების დაწესებას სასამართლოსთან მიმართებით.

„თქვენ კვლავაც ამოიკითხავთ მსგავს მოწოდებებს ევროკომისიის მოსაზრებაში. ევროკავშირი რჩება იმ აზრზე, რომ საქართველოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ყველა სამართლებრივი საქმე, მათ შორის ბ-ნი გვარამიასა და ბ-ნი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეებიც, უნდა მიმდინარეობდეს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად და გამოყენებული უნდა იქნას სამართლიანი და სათანადო წესები და პროცედურები. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაჟინებით მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაიცვას მისი, როგორც პატიმრის უფლებები, უზრუნველყოს მისი სათანადო მკურნალობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. ბატონი გვარამიას საქმეც იგივე პრინციპებს ეფუძნება. ეს საქმე ასევე აჩენს შეკითხვებს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც, ბოლო დროს, საქართველოში სტრესულ გარემოში აღმოჩნდა“, - ამბობს ჰარცელი.

მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებს ორ თვეზე მეტია ვერ ესწრება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ის მკურნალობისთვის სამოქალაქო კლინიკა "ვივამედშია" გადაყვანილი, თუმცა მისი ოჯახი და თანაგუნდელები მიიჩნევენ, რომ იქ სათანადო მკურნალობა არ უტარდება და ითხოვენ მის გადაყვანას საზღვარგარეთ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

გვარამიასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და საპატიმრო სასჯელს უკანონოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად და დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შემცველად აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თავის მხრივ, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს უწოდეს სამართლებრივი და ნიკა გვარამიასა და კრიტიკული მედიის პოლიტიკური დევნა გამორიცხეს, რადგან, მათი განცხადებით, "მთავარი არხი" საქმიანობას უპრობლემოდ განაგრძობს.

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ კრიტიკული რეზოლუცია, რომლის ნაწილი ოპოზიციური ტელევიზიის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასჯელსა და „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ მფლობელების მიმართ აღძრულ საქმეებს შეეხებოდა.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

-

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG