საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისში რუსეთიდან საქართველოში 231.44 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.
ეს თანხა გასული წლის ივნისში გადმორიცხულ თანხაზე თითქმის ექვსჯერ მეტია (2012 წლის ივნისში 39.08 მლნ აშშ დოლარი) თუმცა, ნაკლებია მიმდინარე წლის მაისის მონაცემებთან შედარებით - მაისში რუსეთიდან საქართველოში რეკორდული ოდენობის თანხა - 313.9 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.
საქართველოში გადმორიცხული თანხის მთლიანი ოდენობა 427.35 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. გადმორიცხვების სიდიდით რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა იტალია, თუმცა ამ ქვეყნიდან გადმორიცხული თანხის ოდენობა გაცილებით ნაკლებია და 35.57 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მესამე ადგილზეა აშშ, საიდანაც 27.66 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხაა გადმორიცხული. ჩამონათვალში მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი - 18.82 მლნ აშშ დოლარი, მეხუთეზე - ყაზახეთი, 17.26 მლნ აშშ დოლარი.
სპეციალისტების შეფასებით, რუსეთიდან საქართველოში ტრანზაქციების ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ამ ქვეყნიდან საქართველოში მიგრაციის მაღალი მაჩვენებელია.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივნისის ბოლოსთვის საქართველოში 90 ათასზე მეტი რუსი ტურისტია შემოსული.