რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა დმიტრი როგოზინი. სახელმწიფო კორპორაციას მის ნაცვლად ამიერიდან უხელმძღვანელებს რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი იური ბორისოვი.
ინფორმაციას ამის შესახებ აქვეყნებს კრემლის ვებგვერდი.
თავად ბორისოვი ვიცე-პრემიერის პოსტიდან "როსკოსმოსის" ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნამდე რამდენიმე წუთით ადრე გაათავისუფლეს. მანამდე, ამ გადაადგილებას, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ვარაუდობდნენ რუსული გაზეთები.
„ვედომოსტი“ წერდა, რომ როგოზინს შეიძლება დონბასის კურირება მიანდონ. „მედუზა“ მოელოდა, რომ ამას როგოზინი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თანამდებობის დაკავების შემდეგ შეუდგება. „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ წყაროების დაუსახელებლად აღნიშნავდა, რომ მოხელემ შეიძლება დაიკავოს რუსეთის ან პრორუსული სეპარატისტების მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის ხელმძღვანელის თანამდებობა.
როგოზინი „როსკოსმოსს“ ხელმძღვანელობდა 2018 წლიდან. მანამდე ის მთავრობის ვიცე-პრემიერი იყო.
65 წლის ბორისოვმა როგოზინი მთავრობაში 2018 წელს შეცვალა. ის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია.
2018 წელს გაზეთი „კომერსანტი“ იტყობინებოდა, რომ ბორისოვს პრეზიდენტის ფარული ბრძანებით მიენიჭა რუსეთის გმირის წოდება. გაზეთის წყარო ვარაუდობდა, რომ დაჯილდოება მოხდა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ ახალი სტრატეგიული იარაღის შექმნის გამო, რომელზეც პუტინი ჰყვებოდა თავის გამოსვლაში ფედერალური კრების წინაშე.
საქმე ეხებოდა ჰიპერბგერით ბალისტიკურ რაკეტებს - სტრატეგიულ რაკეტებს, რომლებსაც აქვთ ბირთვული ძრავა და უპილოტო წყალქვეშა ნავს, რომელსაც უნარი შესწევს გატყორცნოს ბირთვული ტორპედო.
დაწერეთ კომენტარი