Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მომავალ კვირაში დაამტკიცებს


ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ელჩები 18 ივლისს განიხილავენ და 20 ივლისს უკვე დაამტკიცებენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილებას.

წინადადების პროექტში, რომელიც რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ევროკავშირის წყარომ მოაწოდა, თავიდანვე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი ურყევად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა, ტექსტის თანახმად, არის რუსეთის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტზე თავხედური თავდასხმა.

ევროკავშირმა დაგმო ეს აგრესია უკრაინის მიმართ და გადაჭრით აგრძელებს მოსკოვის მიმართ დაწესებული, ინდივიდუალური და ეკონომიკური სანქციების გაძლიერებას.

პროექტის თანახმად, სანქციების გაძლიერების მთავარი ობიექტი იქნება ოქროს იმპორტის აკრძალვა. სანქციების შესახებ ადრე მიღებულ დოკუმენტს დაემატა ახალი პუნქტები, ზოგიერთი ძველი გაუქმდა და სხვა, დამატებითი აკრძალვებით გამკაცრდა.

პაკეტს დაემატა 4q-პუნქტი, რომლის პირველ მუხლში ნათქვამია, რომ „აკრძალულია რუსული წარმოშობის ოქროს შეძენა, იმპორტი ან გადაცემა, პირდაპირი და ირიბი, თუ ის არის რუსეთიდან გატანილი ევროკავშირში, ან ნებისმიერ მესამე ქვეყანაში“.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული პაკეტების ახალ ვარიანტში შეტანილი იქნება კომპანიების, ორგანიზაციებისა და კერძო პირების დამატებითი სიები, რომლებზეც გავრცელდება ევროკომისიის ახალი სანქციები. სიები დამატებით მოგვიანებით გამოქვეყნდება.

დასავლეთის ქვეყნებმა, აშშ-მა, ასევე ევროკავშირის წევრებმა, მათთან ერთად საკუთრივ ბლოკმა, რუსეთს სანქციები დაუწესეს და უკვე არსებული გააძლიერეს, უკრაინაში ამ ქვეყნის არმიის შეჭრის გამო.

ევროკავშირი აგრძელებს ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის 2014 წელს მოსკოვის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების გაძლიერებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG