უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მწვავედ გააკრიტიკა კანადის გადაწყვეტილება, გერმანიას დაუბრუნოს ტურბინა, რომელიც აუცილებელია გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მომსახურებისთვის. კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან სატელეფონო საუბარში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეები არასოდეს დაეთანხმებიან ოტავის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც „ფაქტობრივად სანქციების რეჟიმის დარღვევით“ იქნა მიღებული, დასძინა ზელენსკიმ.
კვირას ოტავასა და მონრეალში საპროტესტო აქციები გაიმართა „ჩრდილოეთის ნაკადის“ ტურბინის გერმანიისთვის გადაცემის გამო. მონრეალში ათობით დემონსტრანტს ეჭირა უკრაინის დროშები და ტრანსპარანტები. ერთ-ერთზე ეწერა „რუსეთის გაზისთვის გადახდილი ფული უკრაინელებს კლავს“.
„კომერსანტის“ თანახმად, კანადამ 17 ივლისს გაგზავნა გერმანიაში კომპანია Siemens-ის გარემონტებული ტურბინა, რომელიც გამოიყენება რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“. ტურბინა შემდეგ რუსეთში გადაიგზავნება.
ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი არ შეიცავს აკრძალვას რუსეთისთვის გაზის ტურბინების მიწოდებაზე. ამიტომაც დანიშნულების ადგილზე მის ჩატანასთან დაკავშირებით პრობლემები არ უნდა შეიქმნას. მაგრამ შესაძლებელია შეფერხებები საბაჟო კონტროლისას, წერს „კომერსანტი“. ტურბინის ტრანსპორტირების საორიენტაციო ვადად 24 ივლისს, გაზსადენის მუშაობის განახლების ვადად კი აგვისტოს პირველ რიცხვებს ასახელებენ.
ამასობაში „გაზპრომს“ ჯერაც არ დაუდასტურებია, რომ გაზრდის „ჩრდილოეთის ნაკადში“ გაზის მოცულობას, როცა გარემონტებულ ტურბინას მიიღებს. რუსეთის კონცერნი Siemens-ისგან ელის წერილობით გარანტიას დანარჩენი მანქანების უსაფრთხოდ ტრანსპორტირებისა და გარემონტების თაობაზე.