18 ივლისს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, გამოკითხვაზე მისულმა ტელეწამყვანმა და მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობმა“), უარი თქვა უწყებისთვის ჩვენების მიცემაზე, თუ როგორ აღმოჩნდა მასთან ფარული ჩანაწერები, რომელიც მან 13 ივლისს, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით გაასაჯაროვა და სადაც ისმის „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის" იმდროინდელი წამყვანის, გიორგი გაბუნიას, პროდიუსერის, ეკა სარიას, ჟურნალისტების, გიორგი გვიშიანის და ლაშა კვესელაძის ლაპარაკი.
გია გაჩეჩილაძის ადვოკატის გენა ნიკოლაიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოიყენა წყაროს არ გამჟღავნების კანონით მინიჭებული უფლება და აქედან გამომდინარე, არ მისცა ჩვენება:
„შეკითხვები იყო, როდის, სად, ვის მიერ, როგორ, რა ფორმით... იყო პასუხი, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ის უფლებამოსილია არ მისცეს ამასთან დაკავშირებით ჩვენება, იმიტომ, რომ ეს წყაროს გამჟღავნების შესაძლებლობას იძლევა“.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 ივლისს დაიწყო გამოძიება "მთავარი არხის" თანამშრომელთა შორის გამართული საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.
დაწერეთ კომენტარი