ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბათუმში პარტიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ მედიის შეკითხვებს უპასუხა. დეპუტატმა ილაპარაკა „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადების შესახებ.
„წარმოუდგენელი ამბავია, თუ ნამდვილად ასეთი შეფასება იყო არამც და არამც არ მინდა ამის დაჯერება, მაგრამ კითხვები თუ არსებობს (მოსამართლის მხრიდან), ამ კითხვებს კონკრეტული პასუხები უნდა გაეცეს, მე ამის მომხრე ვარ. მე, ერთი მხრივ, ძალიან ვუფრთხილდები და ვერიდები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებს, ნებისმიერს, ქალბატონი კელი იქნება თუ სხვა. ადრეც ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება. იმიტომ რომ მთავარი პარტნიორის, მთავარი მეგობრის, აშშ-ის წარმომადგენლისგან ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. თუმცა ის ეჭვები რაც გაჩნდა მოსამართლის მხრიდან, ამ დაუჯერებელი ამბავთან დაკავშირებით, რომელსაც გარკვეული ფაქტებით ამყარებენ, ამაზე პასუხებია გასაცემი", - თქვა მდინარაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა ფაქტებზე საუბრობს კონკრეტულად, მამუკა მდინარაძემ, მაგალითად, მოიყვანა მედიაში გავრცელებული ამბავი.
„ნაციონლალური მოძრაობის" ტელევიზიები სამი დღის განმავლობაში ამტკიცებდით, რომ მოსამართლე სანქცირებული იყო", - თქვა მამუკა მდინარაძემ
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის წერილში, რომელიც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-მა, ანუ ამ საქმით დაინტერესებულმა ერთ-ერთმა მხარემ გაავრცელა, საუბარია აშშ-ის საელჩოსთან კომუნიკაციაზე.
„მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან(ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი", - ნათქვამია მოსამართლის წერილში.
მოსამართლის ამ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. კითხვაზე, რას ნიშნავს განმარტების მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მოსამართლე საუბრობს თავის განცხადებაში, დეგნანმა უპასუხა, რომ ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.
დაწერეთ კომენტარი