Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი ცდილობს, ხელი შეუშალოს სინძიანის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას


მიშელ ბაშელეტი (მარცხნივ) ჩინეთში ვიზიტისას. 2022 წ. 23 მაისი.
მიშელ ბაშელეტი (მარცხნივ) ჩინეთში ვიზიტისას. 2022 წ. 23 მაისი.

ჩინეთი ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრისგან, მიშელ ბაჩელეტისგან მოითხოვს, არ გამოქვეყნდეს ანგარიში ჩინეთის სინძიანის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ.

როგორც Reuters-ი იუწყება, უფლებადამცველი ორგანიზაციები პეკინს ბრალს სდებენ სინძიანში მცხოვრები მუსლიმი უიღურების უფლებების დარღვევაში. კერძოდ, უფლებადამცველთა მონაცემებით, ჩინეთის ხელისუფლება უსაფუძვლოდ აკავებს უიღურებს და მათ ციხეებსა და შრომის ბანაკებში ათავსებს. ჩინეთი თანმიმდევრულად უარყოფს ბრალდებებს.

ადამიანის უფლებების ექსპერტთა ჯგუფმა სამ წელზე მეტი ხნის წინ მოამზადა ანგარიში ჩინეთში უიღური უმცირესობის მდგომარეობის შესახებ. ბაჩელეტმა პირობა დადო, რომ თანამდებობიდან წასვლამდე, 2022 წლის აგვისტოს ბოლომდე, გამოაქვეყნებს მას.

წერილში, რომელიც ჩინეთის დიპლომატებმა დაწერეს, „სერიოზული შეშფოთებაა“ გამოხატული სინძიანის შესახებ ანგარიშის თაობაზე. „დაბეჯითებით მოვუწოდებთ ქალბატონ უმაღლეს კომისარს, არ გამოაქვეყნოს ამგვარი შეფასება,“ ნათქვამია დოკუმენტში.

ჩინეთმა წერილი გაავრცელა სხვა ქვეყნების დიპლომატებს შორის და მათ სთხოვა, ხელი მოაწერონ დოკუმენტს. სამმა დიპლომატმა დაადასტურა, რომ მიიღეს წერილი. რამდენმა დიპლომატმა მოაწერა მას ხელი, ცნობილი არ არის.

ასევე არ არის ცნობილი, მიიღო თუ არა წერილი თავად მიშელ ბაჩელეტმა. კომისარმა 2022 წლის მაისში მოინახულა სინძიანი. ვიზიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე მან თავი აარიდა ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევათა არსებობაზე საუბარს. მოგვიანებით ბაჩელეტმა აღიარა, რომ სინძიანში ყოფნისას საშუალება არ ჰქონდა, ესაუბრა პატიმარ უიღურებთან და მათ ნათესავებთან. გარდა ამისა, რაიონში მოგზაურობისას მას განუწყვეტლივ თან ახლდნენ მთავრობის წარმომადგენლები.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა, რომ ვიზიტის დროს ბაჩელეტმა ნახა „ნამდვილი სინძიანი უსაფრთხო და სტაბილური საზოგადოებით“.

XS
SM
MD
LG