იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ დღეს, ბოლო ერთ კვირაში მეორედ გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ამჯერად, იტალიის პრეზიდენტი მატარელა დრაგის გადადგომას დაეთანხმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
74 წლის მარიო დრაგიმ პირველად გასულ კვირაში განაცხადა, რომ ტოვებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. დრაგიმ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაკარგა მმართველი კოალიციის წამყვანი პოლიტიკური ძალის, პოპულისტური მოძრაობის, „ხუთი ვარსკვლავის“ მხარდაჭერა. პირველ ჯერზე, იტალიის პრეზიდენტმა დრაგის გადადგომა არ მიიღო და პარლამენტთან კონსულტაცია შესთავაზა.
20 ივლისს იტალიის სენატმა 95 ხმით 38-ის წინააღმდეგ მარიო დრაგის ნდობა გამოუცხადა, თუმცა, მან ვერ მოიპოვა ფართო მხარდაჭერა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო 182-მა დეპუტატმა მმართველ კოალიციაში შემავალი სამი პარტიიდან: „ლიგა“, „ხუთი ვარსკვლავი“ და „წინ, იტალია“.
იტალიაში სამთავრობო კრიზისის ესკალაცია მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყო სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში მინისტრთა კაბინეტისა და მმართველ კოალიციაში მყოფი პარტიების უთანხმოების გამო.
პროფესიით ეკონომისტი მარიო დრაგი, რომელიც პრემიერ-მინისტრობამდე ჯერ იტალიის ცენტრალური ბანკის, შემდეგ კი, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი იყო, იტალიის მთავრობას 2021 წლის 13 თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, მთავრობის წევრები მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე ჩატარდება.
დაწერეთ კომენტარი