Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვამ კალინინგრადის ოლქის გავლით სარკინიგზო ტრანზიტი განაახლა


სატვირთო ვაგონები რუსეთ-ლიეტუვის საზღვართან აკრძალვის შემოღების შემდეგ რკინიგზის სადგურ კიბარტაიში. 22 ივნისი, 2022 წელი.
სატვირთო ვაგონები რუსეთ-ლიეტუვის საზღვართან აკრძალვის შემოღების შემდეგ რკინიგზის სადგურ კიბარტაიში. 22 ივნისი, 2022 წელი.

ლიეტუვამ გააუქმა აკრძალვა, რომელიც ეხებოდა კალინინგრადის ოლქსა და რუსეთის დანარჩენ ტერიტორიას შორის ტრანზიტით - რკინიგზის საშუალებით, იმ საქონლის გადაზიდვას, რომელზეც სანქციებია დაწესებული.

„ლიეტუვის რკინიგზის“ წარმომადგენლის, მანტას დუბაუსკასის სიტყვებს იმოწმებს „რია ნოვოსტი“. „კლიენტებს ინფორმაცია მივაწოდეთ, რომ შესაძლებელია ტრანსპორტირება [...], თუ დღესვე მოასწრებენ, უკვე დღესვე შეუძლიათ ზოგიერთი საქონლის გადაზიდვა“, განუცხადა მან ლიეტუვის ტელეარხ LRT-ს 22 ივლისს.

ევროპის კომისიამ გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე კალინინგრადის ოლქში მიმავალი ტვირთების ტრანზიტზე აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ საავტომობილო გადაზიდვებზე, რკინიგზით ისეთი საქონლის, როგორიცაა ცემენტი, ხის მერქანი, ასევე სპირტი, გადატანა ნებადართულია, თუმცა „შესაბამისი კონტროლის განხორციელების შემთხვევაში“. სამხედრო ტვირთების, ასევე ორმაგი დანიშნულების პროდუქციის გადაზიდვა ყველა სახეობის ტრანსპორტისთვის აკრძალულია.

კალინინგრადის ოლქი, ყოფილი კიონიგსბერგის რეგიონი, რუსეთის ექსკლავია ლიეტუვასა და პოლონეთს შორის, რომელიც საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიისგან მიითვისა. ლიეტუვამ 17 ივნისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ აკრძალა შავი ლითონის და ფოლადის ტრანზიტი. სანქციების 10 ივლისის პაკეტის თანახმად, ევროკავშირის ტერიტორიაზე აიკრძალა მერქნის, ცემენტისა და სპირტის, 10 აგვისტოდან ძალაში შევა ქვანახშირის და წიაღისეული სხვა მყარი საწვავის, 5 დეკემბრიდან კი ნავთობის შეტანა. უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ 24 თებერვალს, ევროკავშირმა უკვე მიიღო სანქციების შვიდი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG