რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, კომენტარი გააკეთა 23 ივლისს ოდესის პორტზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე, რომელსაც გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოში და გაისმა რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებები, რომ ეს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებების დარღვევას წარმოადგენს.
ზახაროვამ „ტელეგრამის“ თავისი არხით განაცხადა, რომ „კალიბრის“ ტიპის რუსული რაკეტები უკრაინულ სამხედრო გემს ესროლეს. “კალიბრის“ რაკეტებმა გაანადგურეს ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურა და ზუსტი დარტყმით უკრაინული სამხედრო გემი გაგზავნეს კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე“, წერს ზახაროვა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად გააკეთა კომენტარი 24 ივლისს თავდასხმაზე დარტყმიდან ერთი დღის შემდეგ. უწყებიტს ცნობით, „ოდესის საზღვაო პორტში, გემთმშენებლობის ტერიტორიაზე, მაღალი სიზუსტის რაკეტებმა გაანადგურეს უკრაინული ხომალდი და Harpoon-ის რაკეტების საწყობი“.
ასევე აღიარა რუსეთის არმიის სარაკეტო დარტყმა, და იგივე სამიზნე დაასახელა, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობის ჟურნალისტმა და სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ევგენი პოპოვმა. BBC-ის Newshour-თან საუბრისას მან თქვა, რომ რუსეთის დარტყმის სამიზნე იყო სარაკეტო სისტემები, რომლებიც მისი თქმით, პორტში იყო. "ჩვენ თავს დავესხით სამხედრო ინფრასტრუქტურას ოდესის პორტში. თქვენ კარგად იცით რაკეტების სახელები. ეს არის Harpoon-ის ტიპის რაკეტები. ისინი განთავსებული იყვნენ ოდესაში და ჩვენ გავანადგურეთ ისინი", - თქვა მან.
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა, 23 ივლისს განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ დაარწმუნა, რომ მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა თავდასხმასთან. ზახაროვასა და პოპოვის ბოლო განცხადებებზე მას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
თავდასხმაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს. მანამდე მან აღიარა, რომ რუსმა სამხედროებმა განახორციელეს 2 სარაკეტო დარტყმა, რასაც ახლახან მოჰყვა დიდი მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობაში - კრემენჩუგსა და ვინიცაში. ორივე შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრომ დარტყმები გაამართლა იმ მოტივით, რომ ეს იყო სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, 23 ივლისს განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, პორტში ხანძარი გაჩნდა. უკრაინულმა მხარემ რუსეთი დაადანაშაულა შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ პარასკევს სტამბოლში გაფორმებული შეთანხმებებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობაში. თავდასხმა ოდესის პორტზე მოხდა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი დღის შემდეგ, რომელშიც მეომარი მხარეები პირობას დებდნენ, რომ არ დაბომბავდნენ მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებულ ობიექტებს, მათ შორის ოდესის, ჩერნომორსკის და იუჟნის ნავსადგურებში.
The New York Times-ს მოჰყავს გაეროს მაღალი რანგის წარმომადგენლის ნათქვამი, რომ რომ რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ოდესის პორტზე შესაძლოა „ტექნიკურად არ იყოს სტამბოლის შეთანხმებების დარღვევა“, რადგან ისინი არ შეიცავს უკრაინის ნავსადგურების იმ ნაწილებზე თავდასხმებისგან თავის შეკავების ვალდებულებას, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ მარცვლეულის ექსპორტში. თუმცა, ანტონიუ გუტერეშის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაეროს გენერალური მდივანი "უპირობოდ გმობს" თავდასხმებს. „ყველა მხარემ აიღო მკაფიო საერთაშორისო ვალდებულება უკრაინული მარცვლეულის და მასთან დაკავშირებული პროდუქტების უსაფრთხო მიწოდების უზრუნველსაყოფად მსოფლიო ბაზრებზე. ეს საქონელი აუცილებელია გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად, ისევე როგორც მილიონობით გაჭირვებულის ტანჯვის შესამსუბუქებლად მთელ მსოფლიოში. რუსეთის, უკრაინის და თურქეთის მხრიდან ხელშეკრულების პირობების შესრულება სავალდებულოა“, - ნათქვამია გუტერეშის ოფისის განცხადებაში.
ოდესაზე თავდასხმა დაგმეს ასევე აშშ-ის ელჩმა კიევში ბრიჯიტ ბრინკმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.