ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვაბისხევთან ახალციხე-თბილისის სამარშრუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ინფორმაციას ტელეკომპანია ბორჯომი ავრცელებს.
როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება ახალციხიდან, სამარშუტო ტაქსიში ავტოსაგზაო შემთხვევისას 14 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან 8 მოტეხილობებით და დაჟეჟილობებით ბორჯომის ჯეოჰოსპიტალის კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე 6 მგზავრი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ჯეოჰოსპიტალის მენეჯერის ირაკლი დიასამიძის განმარტებით, ორი მგზავრი უკვე გაეწერა და ამბოლატორიულად გააგრძელებს მკურნალობას.
"ერთს მოტეხილობები აქვს, ხოლო ხუთს დაჟეჟილობები. მათი მდგომარეობა, შეიძლება შეფასდეს საშუალო სიმძიმით" - აღნიშნავს დიასამიძე.
მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
დაწერეთ კომენტარი