Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს უკრაინის არმიასთან ერთად მებრძოლ ქართველებზეც


ფოტო არქივიდან: რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალქესანდრ ბასტრიკინი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბასტრიკინის განცხადებით, რუსი გამომძიებლების მიერ დადგენილია 220-ზე მეტი სამხედრო პირი, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლები, რომლებსაც კავშირი აქვთ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში „მშვიდობის და კაცობრიობის უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან“.

რუსეთს უკრაინის ეს ორი რეგიონი "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აქვს აღიარებული.

ბასტრიკინმა რუსეთის სახელმწიფო გამოცემას, „როსიისკაია გაზეტა“-ს უთხრა, რომ ბრალი უკვე წაუყენეს 92 მეთაურს და მათ ქვეშევრდომებს და ძებნილად გამოცხადებულია 96 პირი, მათ შორის უკრაინის შეარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 51 მეთაური. ბასტრიკინის თანახმად, უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის და „რადიკალური ნაციონალისტური ჯგუფების“ წარმომადგენელთა მიმართ, საერთო ჯამში, აღძრულია 1300-ზე მეტი საქმე.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებითვე, "უკრაინის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ქმედებებისთვის“ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული „დაქირავებულთა“ წინააღმდეგაც. ბასტრიკინის თანახმად, ეს პირები საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, კანადის და ნიდერლანდის მოქალაქეები არიან. მათი კონკრეტული რიცხვი და ვინაობა ბასტრიკინს არ დაუსახელებია.

თავის მხრივ, უკრაინის გენერალური პროკურატურა იძიებს რუსი სამხედროების მიერ ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ათასობით საქმეს. გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისიც. უკრაინაში ომის დანაშაულის მტკიცებულებათა შეგროვებას განაგრძობენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG