Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პირველმა არხმა კვირა დღე დაუთმო "რუსოფობიის" შესახებ ფილმის ჩვენებას


ჟერარ დეპარდიე, ფრანგი მსახიობი, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა 2013 წელს მიიღო
ჟერარ დეპარდიე, ფრანგი მსახიობი, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა 2013 წელს მიიღო

რუსეთის პირველმა არხმა კვირა დღის საეთერო დრო თითქმის მთლიანად დაუთმო ფილმს სათაურით "მოკლე სახელმძღვანელო იმაზე, თუ როგორაა მოწყობილი მსოფლიო". ფილმის, რომელსაც ავტორები დოკუმენტურს უწოდებენ, ძირითადი შინაარსია "რუსოფობიის" და "რუსეთის მტრების" შესახებ მოყოლა - ასეთებად ფილმის ავტორები დასავლეთის ქვეყნებს განიხილავენ. შინაარსს ფილმისა, რომელიც ახალი ამბებისთვის განკუთვნილი პაუზებით ხუთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, გადმოსცემს The Insider-ი.

ფილმი, რომელიც, როგორც ამტკიცებენ, პუბლიცისტ გი მეტანის წიგნებს ეფუძნება, ოთხი ნაწილისგან შედგება - "რუსოფობია", "პროპაგანდა", "მტერი" და "ომი". ფილმის ძირითადი იდეაა ის, რომ რუსეთი და აღმოსავლეთი ევროპა ერთგვარად წარმოადგენენ "ცენტრალურ მიწებს", თუ "დედამიწის გულს". ფილმის ავტორების აზრით, ვინც ამ მიწებს მართავს, ის მართავს მთელ მსოფლიოს - და ამიტომაც ყველა, ვისაც მსოფლიოზე ბატონობა სურდა, უპირისპირდებოდა რუსეთს.

ფილმში ფიგურირებს რუსეთთან დაკავშირებული უცხოეთის ბევრი მოქალაქე, რომლებსაც ავტორები ექსპერტებს უწოდებენ. მათ შორისაა გი მეტანი, შვეიცარიელი, რომელმაც დიდი ხნის წინ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა - რომელიც მეფე ივანე მრისხანესთან ავლებს პარალელს და აკრიტიკებს კათოლიკურ ეკლესიას, ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა 2013 წელს მიიღო და რომელიც ამბობს, რომ ევროპაში "დაავიწყდათ, როგორ გადაარჩინა ის ნაციზმისგან სტალინმა". დეპარდიე ასევე ამბობს, რომ აღფრთოვანებულია რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმირ პუტინით - ფილმი 2021 წელსაა გადაღებული, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დეპარდიემ პუტინი გააკრიტიკა. კიდევ ერთ ექსპერტს ამერი დ'არტანიანი ჰქვია და ის საკუთარ თავს უწოდებს მუშკეტერთა ასოციაციის თავმჯდომარეს.

ფილმის ავტორები დასავლეთს რუსოფობიაში სდებენ ბრალს და საბჭოთა კავშირს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ის, მათი აზრით, ზედმეტად აქტიურად ცდილობდა დასავლეთთან ინტეგრირებას. ამავე დროს, ფილმში ლაპარაკია საბჭოთა კავშირში ისეთი მწერლების პოპულარობაზე, როგორებიც არიან რადიარდ კიპლინგი, დანიელ დეფო, ვიქტორ ჰიუგო და ჟიულ ვერნი. ფილმის ავტორები ამ მწერლებსაც რუსოფობებად მიიჩნევენ.

ამ ფილმის გარდა, პირველმა არხმა ახლახან აჩვენა ორი "დოკუმენტური ფილმი" უკრაინის შესახებ. მათგან ერთი ეძღვნებოდა ქვეყნის პირველ პრეზდიენტს, ლეონიდ კრავჩუკს, მეორე - ამჟამინდელ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ორივე ფილმი მწვავედ აკრიტიკებს პრეზიდენტებს.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველი არხის საეთერო ბადიდან გაქრა რამდენიმე გადაცემა, მათ შორის გასართობი შინაარსის. დღის ეთერი ახლა ექსკლუზიურად ეთმობა ახალ ამბებს ე.წ. "სპეცოპერაციის" შესახებ, და პოლიტიკურ კომენტარს.

XS
SM
MD
LG