საქართველოს პარლამენტის ექვსი წევრი ეხმაურება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის საჯარო განცხადებას, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი კვერენჩხილაძის შესახებ. ოხანაშვილმა მოითხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი კვერენჩხილაძის აცილება.
საქმე ეხება „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც რამდენიმე მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
„გასულ წელს ნაჩქარევად და არაინკლუზიურად მიღებული ერთპარტიული ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში, მკვეთრად უარყოფითად შეფასდა, როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ასევე ყველაზე ავტორიტეტული პროფესიულ ინსტიტუტის - ვენეციის კომისიის მიერაც. სწორედ ამ საკითხის კონსტიტუციურობის განხილვა უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ", - ნათქვამია ოპოზიციის ექვსი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ხატია დეკანოიძის, ანა ბუჩუკურის და ანა ნაცვლიშვილის ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებაზე ხელისმომწერი საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები, „მოუწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობას, თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისგან იმ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც ჯერ არ დაწყებულა, მოსარჩელე მხარისთვისაც უცნობი იყო მომხსენებელი მოსამართლის ვინაობა, შესაბამისად მოსარჩელეებს არც მოსამართლის აცილების დოკუმენტი გადასცემია".
ოპოზიციის დეპუტატები ოხანაშვილის განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მცდელობად აფასებენ: „მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების პოლიტიკური განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ სარჩელზე მის განხილვამდე სხვა არაფერია, თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა პარლამენტის მხრიდან და საქმის პოლიტიზაცია, რაც დაუშვებელია".
„მოსამართლეთა დასჯა“ და „გაციმბირება“, „წარსულში დაბრუნება“ - ასე შეაფასეს ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობით 2021 წლის ბოლოს დაჩქარებული წესით მიღებული სადავო ცვლილებები, რომელიც მოსამართლეთა იძულებით მივლინებას შეეხება.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მოსამართლეთა დისციპლინური დევნის დასაწყებად საკმარისია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრის თანხმობა, 10-ის ნაცვლად. ასევე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს, ერთზე მეტი დისციპლინური სასჯელი დააკისროს მოსამართლეს, დისციპლინური დევნის დაწყებისთანავე ჩამოაშოროს საქმეების განხილვას და მისი თანხმობის გარეშე, 1 წლის ნაცვლად, 3 წლით გაუშვას სხვა სასამართლოში მივლინებით.
ხუთმა მოსამართლემ "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შესული ცვლილებები მიმდინარე წლის გაზაფხულზე საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პრინციპს და გაუმართლებლად ზღუდავს მოსამართლეთა უფლებებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის ინტერესების წარმომადგენლობას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი უზრუნველყოფს. ანრი ოხანაშვილმა საკოონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის გიორგი კვერენჩხილაძის აცილების შესახებ ილაპარაკა. როგორც მან თქვა, საერთო სასამართლოების ერთ-ერთმა მოსამართლემ სოციალურ ქსელში დააფიქსირა პოზიცია, რომ ცვლილებები მოსამართლეთა დაშინებას, ზეწოლას და მათი თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვას ემსახურებოდა. ოხანაშვილის განცხადებით, ამ მოსამართლის პოზიცია „სოციალურ ქსელში მხარდაჭერილი და გაზიარებული იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის გიორგი კვერენჩხილაძის მიერ, რომელიც აღნიშნულ საქმეზე მომხსენებელი მოსამართლეა.
წარმოიდგინეთ მოცემულობა - ადამიანი, რომელიც არის მომხსენებელი მოსამართლე, წინასწარ, ღიად და საჯაროდ დააფიქსირა მხარდამჭერი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ მოსამართლეთა დაშინებისა და ზეწოლის ნორმებს ვიღებდით.
ასეთ შემთხვევებში, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტი ითვალისწინებს, არსებობს ასეთი მოსამართლის აცილების ობიექტური და მყარი საფუძველი, ვინაიდან მან პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა და იქნება მიკერძოებული“.
ოპოზიციის ექვსი დეპუტატის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.
„ყველანაირ პოლიტიკურ ასპექტს რომ თავი დავანებოთ, ჩამოყალიბებული აზრი არსებობს - გადაწყვეტილება იმ ადამიანმა არ უნდა მიიღოს, ვისაც წინასწარ აქვს თავისი პოზიცია გაცხადებული. ეს მოსამართლე იქნება, სოფლის თავი, გამგებელი თუ ოჯახის წევრი. ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე საკუთარ თავს უნდა აძლევდეს აცილებას იმ საკითხის განხილვას, სადაც ცოტა ხნით ადრე თავად მყარი პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უფლება აქვს, მოსამართლის აცილება მოითხოვოს, რადგან მოპასუხე მხარეა. სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, არავინ იცის. კანონი მისაღებია, მიუღებელია თუ არა და სტანდარტებს შეესაბამება თუ არა, ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ იმ მოსამართლემ, რომელსაც წინასწარ საკუთარი პოზიცია არ აქვს ჩამოყალიბებული. ოპოზიციონერების განცხადებაში უფრო მეტი პოლიტიკური სპეკულაციაა, ვიდრე რეალობა", - ვოლსკის კომენტარს „პირველი არხი" ავრცელებს.
დაწერეთ კომენტარი