Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკუთარი ჯარის ტყვეები - რა ემართებათ რუს სამხედროებს, ვისაც ომში მონაწილეობა აღარ უნდათ


ეფრეიტორი ილია კამინსკი
ეფრეიტორი ილია კამინსკი

გამოცემა „ვიორსტკამ“ დაითვალა, რომ დაახლოებით 1800-მა რუსმა ჯარისკაცმა არ მოინდომა, უკრაინაში ეომა. მათგან 200-ზე მეტი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სპეციალურ ბანაკში გამოკეტეს.

რუსი სამხედროების დედები ჰყვებიან, რომ მათ შვილებს დამამცირებლად ეპყრობიან. მხოლოდ იმიტომ, რომ უარი თქვეს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში” მონაწილეობაზე.

„სარდაფში ვართ, საჭმლის გარეშე. გვითხრეს, რომ დაახლოებით ორი დღე გაგვაჩერებენ. მერე სად წაგვიყვანენ, არ ვიცი... სახლში არ გაგიშვებთო. ნივთები წაგვართვეს. ვისაც ტელეფონი უპოვეს, ადგილზე დაულეწეს. საკაცეებზე გვძინავს. სინათლე არაა, სიბნელეში ვართ... ასე თქვეს, იზოლატორის მერე სასამართლოო. და თითქოსდა სასამართლო აქვე იქნება, ლუგანსკში”, - მისწერა რიგითმა არტიომ გორშენინმა დედამისს ორი კვირის წინ, ტელეფონიდან, რომლის დამალვაც მოახერხა.

ფატიმა გორშენინა „ნასტოიაშჩეე ვრემიას” ეუბნება, რომ მისი შვილის დანაყოფი, საინჟინრო-სამესანგრო ასეული აფხაზეთიდან უკრაინაში მოტყუებით ჩაიყვანეს. ბოლო შეტყობინება არტიომმა დედას 15 ივლისს გაუგზავნა.

„მწერდა, 20 ადამიანი ვართ სარდაფში, საჭმლის გარეშე გამოკეტილებიო. არ გვცემენ, მაგრამ ჩვენ გადარწმუნებას ცდილობენო. თავიდან ხელფასს გვპირდებოდნენ, ახლა კი გვემუქრებიანო”, - ჰყვება ფატიმა გორშენინა.

მესანგრე ნიკიტა ლაზარევი არტიომ გორშენინთან ერთად მსახურობდა.

აღმოსავლეთ უკრაინაში სამთვე-ნახევარი იომეს და მიხვდნენ, რომ დაიღალნენ. იარაღი ჩააბარეს და ოკუპირებულ ყირიმში წავიდნენ, კომენდატურაში საბუთების გასაფორმებლად. გზაში დააკავეს და ლუგანსკის ოლქის პატარა ქალაქ ბრიანკაში ჩაიყვანეს, - იხსენებს დედამისი, სვეტლანა ელჩევა.

ეფრეიტორი ილია კამინსკი ჰყვება, რომ მისი თანამებრძოლებიც, ლუგანსკის ოლქში, „სადღაც გარაჟში გამოკეტეს“.

„აქ ისე ვართ, როგორც ტყვეობაში. თუ თქვეს, რეაბილიტაციაზეაო, არ დაუჯერო”, - მისწერა მან დედამისს.

ანტისაომარი შეხედულებები

ოპოზიციური გამოცემა „ვიორსტკა“ 26 აპრილს ამუშავდა, „როგორც სწრაფი პასუხი რუსული მედიის განადგურებაზე უკრაინასთან ომის დროს”.

მისი ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქში სპეციალური ცენტრია შექმნილი მათთვის, ვისაც „სპეცოპერაციაში” მონაწილეობა აღარ უნდა. სარდაფებსა და გარაჟებში ახლა სულ ცოტა 234 ადამიანია გამოკეტილი. იქ მათ „გადარწმუნებას” მუქარით ცდილობენ.

ზოგიერთი აზრს იქამდე იცვლის, სანამ ცენტრში მოხვდება. ლუგანსკის გამოსასწორებელი დაწესებულებით ჯარისკაცებს უკვე დაუფარავად აშინებენ.

„რვა ადამიანმა უკან მოინდომა დაბრუნება. მთელი დღე რეკავენ. მზად არიან ტყვიამფრქვევიანი მოტოციკლით იარონ. არ ვიცი, რა უქნეს, ამ ლუგანსკის შესახებ რა უთხრეს”, - „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ერთ-ერთ ოფიცრის სიტყვები მოჰყავს.

გამოცემა „ვიორსტკას“ გათვლებით, ომში მონაწილეობაზე უარი სულ ცოტა 1793-მა რუსმა სამხედრომ თქვა. მათგან ყველაზე მეტი, 382 სამხრეთ ოსეთში მსახურობდა.

უარის მიზეზები სხვადასხვაა. ზოგი ცუდ პირობებს და უფროსობის აგდებულ დამოკიდებულებას აპროტესტებს, ზოგი კი უბრალოდ დაიღალა.

„ერთ ბრიგადას დაცვა 64 კილომეტრზე გვეჭირა. არადა, ბრიგადას მაქსიმუმ 10-15 კილომეტრი უჭირავს ხოლმე. ხუთ კაცს გვიშვებდნენ საცხოვრებელი პუნქტის ასაღებად, რომელშიც ორასი ხოხოლი [ქსენოფობიური ტერმინი, რომლითაც უკრაინელებს მოიხსენიებენ - რთ] იჯდა”, - იხსენებდა ეფრეიტორი კამინსკი.

კანონიერია მათი უარი? უფლებადამცველები ამბობენ, რომ კი. რუსეთს ომი და სამხედრო მდგომარეობა არ გამოუცხადებია. ჯარისკაცები არ გარბიან საჯარისო ნაწილებიდან, ისინი უბრალოდ შვებულებას ითხოვენ, და ამიტომ დეზერტირებადაც ვერ ჩაითვლებიან.

სერგეი კრივენკო
სერგეი კრივენკო

უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის” წარმომადგენელი, სერგეი კრივენკო ჰყვება, რომ ისინი, ვისაც ომში მონაწილეობა აღარ უნდათ, თავს პაციფისტებად აცხადებენ და ითხოვენ ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს. „ისინი უბრალოდ ამბობენ, რომ ომის საწინააღმდეგო შეხედულებები გაუჩნდათ”, - ამბობს სერგეი კრივენკო.

რეზერვების შესავსებად

BBC-ს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში სულ ცოტა 4900 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ბრიტანული დაზვერვა კი მაისის ბოლოს აცხადებდა, რომ დაღუპულთა რიცხვი 15 ათასს აღემატება.

თავდაპირველად რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ სპეცოპერაციაში მხოლოდ კონტრაქტორ ჯარისკაცებს რთავდა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ უკრაინაში ახალწვეულებიც არიან.

სავალდებულო სამხედრო გაწვევის „ახალი სეზონი” რუსეთში პირველი აპრილიდან დაიწყო.

ელენა პოპოვა წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაცია „სამხედრო სამსახურზე შეგნებულად უარის მთქმელებს” და ეხმარება მათ, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდა.

„ახლა მწერენ ბიჭები, მათი მშობლები და შეყვარებულები და ამბობენ, რომ ადრე ჯარში წავიდოდნენ, მაგრამ ახლა აღარ უნდათ, რადგან უკრაინაში აღმოჩენის ეშინიათ”, - უთხრა მან „მედუზას“.

რუსული კანონმდებლობის თანახმად, მოქალაქეს შეუძლია თქვას, რომ პაციფისტია და სამხედრო სამსახურის ალტერნატივა მოითხოვოს. თუმცა სამხედრო კომისარიატებში ამას არ ახალისებენ. ახალწვეულები ჰყვებიან, რომ კომისრები ჩამჭრელ კითხვებს უსვამენ და ცდილობენ ამხილონ, რომ მათი პაციფიზმი ყალბია.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG