დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ ტაქტიკურ წინსვლას მიაღწია უკრაინის დონეცკის ოლქში მდებარე ვუჰლეჰირსკის თბოელექტროსადგურის გარშემო და ახლომდებარე სოფელ ნოვოლუჰანსკში.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ როგორც ჩანს, უკრაინამ ამ რაიონიდან გაიყვანა სამხედრო ძალების ნაწილი.
18 ივლისს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ ცენტრალური როლი შეასრულა უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქების, ლისიჩანსკის და პოპასნას აღებაში და მძიმე დანაკარგი განიცადა. ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ გამოიყენა მოწინავე პოზიციების გასაძლიერებლად და არმიის პირად შემადგენლობაში დანაკლისის შესავსებად.
კრემლი "ვაგნერს" მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში იყენებს. მის მფლობელად მიჩნეულია რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენი, პუტინის „პირად მზარეულად“ წოდებული ევგენი პრიგოჟინი. ის აშშ-ის და ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია.
დაწერეთ კომენტარი