Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის სისტემა IRIS-T მნიშვნელოვანი უკრაინისათვის?


ფოტოილუსტრაცია: IRIS-T
ფოტოილუსტრაცია: IRIS-T

გერმანია, რომელსაც 24 თებერვლამდე რუსეთთან არცთუ ურიგო დიპლომატიური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა, რუსეთის მიერ მეზობელი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ სულ უფრო მეტად ზრდის უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას.

კვირის დასაწყისში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა დაადასტურა, რომ უკრაინაში უკვე ჩავიდა გერმანიიდან გაგზავნილი საზენიტო-სარაკეტო სისტემა Gepard-ის პირველი პარტია, რომელშიც სამი ერთეული ტექნიკა და საბრძოლო მასალა შედის.

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა უკრაინისათვის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე IRIS-T სისტემის გადაცემა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში დაადასტურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, რომლის თქმითაც, ბერლინი აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისისთვის შეძლებს IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემას.

უკრაინელი სამხედროები და ექსპერტები ამბობენ, რომ ამ სისტემის მიღებით უკრაინის საჰაერო ძალები კიდევ უფრო გააძლიერებენ რუსეთის საჰაერო იერიშებისგან სამხედრო ობიექტებისა და დასახლებული ქალაქების დაცვას.

ის, რაც გერმანიასაც არ აქვს

1 ივნისს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მალე უკრაინას საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს მიაწვდის. 16 ივნისს, კიევში ვიზიტისას, მან გაიმეორა ბერლინის ეს განზრახვა, უკრაინას მიაწოდოს IRIS-T კონცეფციის საჰაერო სისტემები, რომლებსაც საავიაციო იერიშებისგან არა მხოლოდ ცალკეული სამხედრო ობიექტების, არამედ მთელი ქალაქების დაცვა შეეძლებათ.

მაშინ, თვე-ნახევრის წინ, გერმანიის კანცლერმა ჯერ კიდევ არ იცოდა, თუ როდის შეძლებდა ბერლინი ამ სისტემის უკრაინისათვის მიწოდებას. ამის მიზეზი, როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, არის ის, რომ საკმაოდ ძვირადღირებული სისტემის შექმნა, შესაბამისი უკრაინელი სპეციალისტების მომზადება და შემდეგ მისი ტრანსპორტირება გარკვეულ დროს მოითხოვს.

„მაგრამ ეს არის თანამედროვე სისტემები. და იმისათვის, რომ მათ ეფექტიანად იმოქმედონ, ყველამ უნდა იცოდეს მათი გამოყენება. ასე რომ, ჩვენ დავასრულეთ ვარჯიში, რომელსაც ჰოლანდიელებთან ერთად ვატარებდით. და ასევე მივაწვდით (უკრაინას) IRIS-T კლასის საჰაერო თავდაცვის სისტემას, იმედი მაქვს, რომ ზაფხულის ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

უკრაინაში ამ კლასის საჰაერო თავდაცვითი სისტემის შეიარაღებაში მიღებაზე დიდ იმედს ამყარებენ როგორც სამხედრო მაღალჩინოსნები, ისე დარგის ექსპერტები.

„სისტემა IRIS-T-SLS - ეს არის ძალიან მსგავსი სისტემა NASAMS-ის კონცეფციისა, რომელიც ნორვეგიისათვის „ჰაერი-ჰაერის“ კლასის საავიაციო რაკეტების ბაზაზე ზუსტად ასე იქმნებოდა. ეს არის უახლესი სისტემა და ის ჯერჯერობით არ არის თვით გერმანიის არმიის და საავიაციო ძალების შეიარაღებაში. და უკრაინა იქნება პირველი კლიენტი, ვინც ამ სისტემებს მიიღებს. ამას უკავშირდება სწორედ ამ პერიოდის ხანგრძლივობა, რომელიც მის მშენებლობას უკავშირდება, რადგან ის ჯერ ფიზიკურადაც არ არსებობს. ანუ გერმანული მრეწველობა უკრაინისათვის გადასაცემ ამ სისტემებს ნულიდან ქმნის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მიხაილო სამუსმა, „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტმა.

გარდა ამისა, გერმანია უკრაინას მიაწვდის თანამედროვე რადარს, რომელსაც შეუძლია მტრის ჰაუბიცების, ნაღმმტყორცნებისა და სარაკეტო არტილერიის აღმოჩენა.

„ამრიგად, ჩვენ უკრაინას მივცემთ შესაძლებლობას, დაიცვას მთელი ქალაქი რუსეთის საჰაერო რეიდებისგან“, - განაცხადა კანცლერმა ოლაფ შოლცმა 16 ივნისს, კიევში, ოფიციალური ვიზიტის დროს.

საშუალო სიშორის სისტემა IRIS-T-SLS-ს, თავისი ტაქტიკური შესაძლებლობით, მართლაც ძალუძს რუსეთის ავიაციისგან უკრაინის ტერიტორიის საიმედო დაცვა.

„ეს არის ყველაზე თანამედროვე საშუალო სიშორის სისტემა, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის ავიაციის, რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების გასანადგურებლად. და ასეთი სისტემების საკმარისი რაოდენობით შეძენით უკრაინის არმია და საჰაერო ძალები შეძლებენ უზრუნველყონ არა მხოლოდ სამხედრო ობიექტების, არამედ ქალაქების ეფექტიანი ანტისაჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვა, რაც, მე ვიტყოდი, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინისათვის იმ პირობებში, როდესაც რუსეთი აგრძელებს ტერორისტულ სარაკეტო იერიშებს უკრაინის ტერიტორიებსა და ქალაქებზე“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

უკრაინა Gepard-ებით და Panzerhaubitze 2000-ებითაც იარაღდება

ვიდრე დაპირებული თანამედროვე გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემები დანიშნულების ადგილამდე ჩავიდოდეს, უკრაინამ გერმანიიდან უკვე მიიღო სამი ერთეული თვითმავალი საზენიტო დანადგარი Gepard-ი.

„უკვე შემიძლია გაცნობოთ, რომ პირველი სამი Gepard-ი დღეს ოფიციალურად ჩამოვიდა გერმანიიდან. ეს არის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელშიც რამდენიმე ათეული ათასი ვაზნაც შედის. უკვე დღეიდან ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაშია“, - აღნიშნა 25 ივლისს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა.

მინისტრისვე თქმით, ივლისის ბოლომდე უკრაინა გერმანიისგან მთლიანობაში 15 ასეთ თვითმავალ საზენიტო-სარაკეტო სისტემას მიიღებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ უკრაინას გადასცა სამი MARS-II-ის სისტემის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი და სამი ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი Panzerhaubitze 2000.

გარდა ამისა, როგორც გერმანული ჟურნალი Spiegel-ი წერს, გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 100 ერთეული Panzerhaubitze 2000 თვითმავალი საარტილერიო სისტემის მიყიდვას. კონტრაქტის ღირებულება 1,7 მილიარდ ევროს უდრის, მაგრამ, როგორც ჟურნალი წერს, ამ პროექტის რეალიზება შესაძლოა რამდენიმე წელი გაგრძელდეს.

Panzerhaubitze 2000 ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე თვითმავალ საარტილერიო დანადგარად, რომელსაც შეუძლია სამიზნეების განადგურება 40 კილომეტრამდე მანძილზე, ხოლო სროლის სისწრაფე წუთში 10-მდე ჭურვს შეადგენს.

ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარება რუსეთის აღშფოთებას იწვევს.

ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში რუსეთმა აშშ-ს გაუგზავნა დიპლომატიური ნატა, რომელშიც „გაუთვალისწინებელი შედეგებით“ გააფრთხილა იმ შემთხვევისთვის, თუკი ნატო გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ მსგავსი ნოტები დაეგზავნა „ყველა ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს“.

სულ ახლახან უკრაინისათვის რამდენიმე ერთეული ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS-ების გადაცემის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ღიად დაიმუქრა „სპეცოპერაციის“ გეოგრაფიული ამოცანების შეცვლით, თუ დასავლეთი კვლავ გააგრძელებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების იარაღის მიწოდებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არ დაუშვებენ, რომ „უკრაინის იმ ნაწილში, რომელსაც ზელენსკი ან მისი შემცვლელი გააკონტროლებს“, არსებობდეს შეიარაღება, რომელიც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ტერიტორიას და „იმ რესპუბლიკებს, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს“.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

2022 წლის მარტიდან რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიც, სადაც კრემლის მიერ დანიშნული ე.წ. ადმინისტრაციები ამზადებენ „რეფერენდუმებს“ ამ რეგიონების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესასვლელად.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG