ტექნიკა, რომელიც 28 ივლისს გადაეცა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს, გამოყენებული იქნება ძირითადად დანიშნულებისამებრ, - განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნებოდა რუსული მხარის მიერ სამხედრო საინჟინრო ტექნიკისა და სამშენებლო ტექნიკის გადაცემას.
„საჭიროების შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთის ხალხი ყოველთვის მზადაა დაიცვას თავისი ტერიტორია, ინტერესები და თავისი რესპუბლიკის უსაფრთხოება, - განაცხადა გაგლოევმა, - დღეს ჩვენ ვართ კიდევ ერთი შედეგის მომსწრე, რომელიც მიღწეულია იმ შეთანხმებების ურთიერთქმედების და იმპლემენტაციის ფარგლებში, რომელიც მანამდე გაფორმდა რუსეთთან“.
როგორც გაგლოევი აცხადებს, მას ეჭვი არ მეპარება, რომ სპეცოპერაცია, რომელსაც დღეს ატარებს რუსეთის ფედერაცია უკრაინაში, ლოგიკურ დასასრულამდე მივა და ის ნამდვილად გაიმარჯვებს.
დე ფაქტო პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და თავდაცვის სამინისტროს გაწეული დახმარებისთვის.
სამხრეთ ოსეთის ე.წ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ფუხაევმა აღნიშნა, რომ დღეს, ადრე გაფორმებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო საინჟინრო აღჭურვილობას გადასცემს.
„ჩვენი სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებს შორის ყველა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაა, - დააზუსტა ფუხაევმა, - ხელმოწერილია და წარმატებით ხორციელდება უწყებათაშორისი ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ასევე ყურადღების ცენტრშია უსაფრთხოების ერთიანი კონტურის შენარჩუნების საკითხები".
ფუხაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო შემოსული აღჭურვილობის წყალობით შეძლებს შეიარაღებული ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის ამაღლებას.
ღონისძიების დასასრულს დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა, რუსეთის ელჩმა ე.წ სამხრეთ ოსეთში მარატ კულახმეტოვმა და სხვა სტუმრებმა ტექნიკური ცენტრი და სამხედრო საინჟინრო ტექნიკა დაათვალიერეს.
არც დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო და არც ოსური მედია არ ავრცელებს ინფორმაციას რუსეთის მიერ გადაცემული ტექნიკის სახეობების და რაოდენობის შესახებ. გავრცელებულ ფოტოებზე კი ჩანს მაღალი გამავლობის სატვირთო მანქანები, ჯავშანმანქანები და სამხედრო-საინჟინრო მძიმე ტექნიკაც, ასევე საკომუნიკაციო მანქანებიც.
დაწერეთ კომენტარი