Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლი, ფული და ქაოსი: რა ღირს რუსეთის ომი უკრაინაში


რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად დაზიანებული სახლი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში. 16 ივლისი, 2022 წ.
რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად დაზიანებული სახლი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში. 16 ივლისი, 2022 წ.

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა შეიწირა ათობით ათასი სიცოცხლე, მილიონობით ადამიანი ლტოლვილად აქცია და მთელი მსოფლიოს ეკონომიკები დააზარალა.

ამ ომის ძირითადი შედეგები ასეთია:

სიკვდილი

24 თებერვლიდან 25 ივლისამდე ოფიციალურად დაიღუპა 5237 სამოქალაქო პირი. დაშავდა 7035. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის შეფასებით, რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია. მისივე ცნობით, დაღუპული სამოქალაქო პირების უმეტესობა არტილერიამ, რაკეტებმა და საჰაერო დაბომბვამ შეიწირა.

კონფლიქტის დროს დაღუპული სამხედროების ოფიციალურ სტატისტიკას არც რუსეთი და არც უკრაინა აქვეყნებს.

აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, უკრაინაში 15 ათასამდე რუსი სამხედრო დაიღუპა და სამჯერ მეტი დაშავდა. ეს უკვე აჭარბებს საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთის ომში - 1979-1989 წლებში - განცდილ დანაკარგებს.

ამერიკის დაზვერვის შეფასებით, უკრაინის არმიასაც მძიმე დანაკარგები აქვს, თუმცა, სავარაუდოდ, რუსეთზე ნაკლები.

ტანჯვა

ომის დაწყების შემდეგ საცხოვრებლის დატოვება მოუწიათ უკრაინელების მესამედზე მეტს. სულ უკრაინაში 41 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, ეს ამჟამად ადამიანთა იძულებითი გადაადგილების ყველაზე დიდი კრიზისია მსოფლიოში.

ევროპაში ამჟამად 6,16 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება. ყველაზე მეტნი არიან პოლონეთში, რუსეთსა და გერმანიაში.

უკრაინა

უკრაინამ, ადამიანების სიცოცხლის გარდა, დაკარგა კონტროლი თავისი ტერიტორიის დაახლოებით 22 პროცენტზე, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია განახორციელა.

დროებით დაკარგულ ტერიტორიებს შორისაა უმნიშვნელოვანესი სანაპირო ზოლი. რუსეთის დაბომბვამ რამდენიმე ქალაქი მიწასთან გაასწორა. უზარმაზარი ზარალი მიადგა ქვეყნის ეკონომიკას - მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, უკრაინის ეკონომიკა 2022 წელს 45 პროცენტით შემცირდება.

უკრაინისთვის მიყენებული ფინანსური ზარალის სრულად შეფასება შეუძლებელია. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ომის შემდეგ აღმშენებლობას დაახლოებით 750 მილიარდი დოლარი დასჭირდება. ეს თანხა შეიძლება გაცილებით მეტი აღმოჩნდეს.

უცნობია, თუ რა უჯდება უკრაინას ომის წარმოება.

რუსეთი

რუსეთი არ ასაჯაროებს ინფორმაციას ომისთვის დახარჯული თანხების შესახებ, თუმცა ნათელია, რომ ის ძვირი უჯდება.

ომის დანახარჯებს ემატება დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. რუსეთის ცენტრალური ბანკის ცნობით, ქვეყნის 1,8-ტრილიონიანი ეკონომიკა 2022 წელს 4-6 პროცენტით შემცირდება.

ერთი თვის წინ რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი გამოაცხადა, რაც პირველად მოხდა 1917 წლის რევოლუციის შემდეგ.

ფასები

ომმა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მკვეთრად გაზარდა სასუქის, ხორბლის, ლითონისა და ენერგეტიკის ფასები, რამაც, თავის მხრივ, სურსათის კრიზისი და ინფლაციის ტალღა გამოიწვია, რომელიც ამჟამად გლობალურ ეკონომიკას ემუქრება.

რუსეთი ნავთობის მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია, საუდის არაბეთის შემდეგ, ბუნებრივი გაზის ექსპორტში კი პირველი ადგილი უჭირავს. უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე ნავთობის საერთაშორისო ფასები სარეკორდოდ გაიზარდა.

მცდელობებმა, რომ ევროპამ რუსეთის ნავთობზე, გაზსა და ნავთობპროდუქტებზე უარი თქვას, გამოიწვია ენერგეტიკის ყველაზე მწვავე კრიზისი 1970-იანი წლების შემდეგ, როდესაც არაბულმა ქვეყნებმა ემბარგო გამოაცხადეს ნავთობზე.

რუსეთმა შეამცირა „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ით გერმანიისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა, რამაც გაზის ფასი მთელ ევროპაში გაზარდა. თუ რუსეთი მილსადენს სრულად გადაკეტავს, ევროზონას, „გოლდმან საქსის“ შეფასებით, რეცესია ემუქრება.

XS
SM
MD
LG