Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეგნანი: ბუნებრივი მოკავშირეებისგან საქართველოს დაშორება ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ხალხს


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანისთვის გაუგებარია, რატომ ცდილობს ასეთ კრიტიკულ დროს, პოლიტიკოსების ნაწილი განხეთქილების და დაპირისპირების შექმნას აშშ-სა და საქართველოს შორის. „როდესაც რევანშისტული რუსეთი თესავს ქაოსს და ნგრევას, საქართველომ და მისმა პარტნიორებმა ერთად იმაზე მეტად უნდა იმუშაონ, ვიდრე ოდესმე, რათა უზრუნველყონ მშვიდობა, უსაფრთხოება და დაუპირისპირდნენ რუსეთის აგრესიას“, - უთხრა კელი დეგნანმა „ამერიკის ხმას“.

ელჩის თქმით, „რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები, ასეთ დროს“. კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი: „ჩვენ, საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში დასახმარებლად, რაც არის უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში“.

აშშ-ის ელჩის თანახმად, „საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეებისგან დაშორების ნებისმიერი მცდელობა, მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს“.

კელი დეგნანი ამბობს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ, დიდი სარგებელი მოუტანა ორივე ქვეყანას: „ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და მოუთმენლად ველით, ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას.“

„ამერიკის ხმის“ შეკითხვას, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და როგორ არის შესაძლებელი საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ამ რთული მდგომარეობიდან გამოვიდეს, ელჩმა უპასუხა, რომ ფოკუსი მნიშვნელოვან საკითხებზე შენარჩუნდება: „ჩვენ ვრჩებით ფოკუსირებული იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია - საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი. ყველა მხარე, რომელიც ამ მომავალში მონაწილეობს, უნდა მოვიდეს [მოლაპარაკების] მაგიდასთან კონსენსუსის მიღწევის მიზნით და საქართველოს სახელით, რათა მან დაიკავოს საკუთარი ადგილი ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში“.

ბოლო ხანს, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ჩართვის მცდელობებზე. ეს პროცესი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ივნისში საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მანამდე კი, ევროპარლამენტმა დაამტკიცა კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც შეიცავს მოწოდებასაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ.

ომში ჩართვის კონტექსტში აშშ-ის ელჩის სახელი არაერთხელ მოიხსენიეს "ქართული ოცნებიდან" გასულმა დეპუტატებმა, რომლებმაც მიზნად გამოაცხადეს კულუარულად მიმდინარე პოლტიკური პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს, გამოაქვეყნა წერილი, რომლის თანახმად, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს მიზანი დღესაც აქტუალურია, თუმცა, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა, თუმცა, უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება. ივანიშვილის განცხადებითვე, დღეს, როცა ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება მეტწილად გადაიტანოს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. ამ წერილში ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, მისი თხოვნით შეხვდა 21 მარტს. ივანიშვილმა არ დაასახელა დეგნანთან შეხვედრის საფუძველი და შინაარსი.

28 ივლისს, სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არ ყოფილა ომში საქართველოს ჩართვაზე.

XS
SM
MD
LG