Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო მზადაა გამომძიებლები გაგზავნოს უკრაინელი ტყვეების დახოცვის ადგილზე


იუწყებიან, რომ ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვე ემსხვერპლა თავდასხმას ოლენივკის საპატიმროზე, 29 ივლისს
იუწყებიან, რომ ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვე ემსხვერპლა თავდასხმას ოლენივკის საპატიმროზე, 29 ივლისს

გაერო აცხადებს, რომ მზად არის გამოიძიოს ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილის გარემოებები თავდასხმისას აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ.

გაეროს პრესმდივნის, ფარჰან ჰაქის თქმით, თუ ორივე მხარე თანახმა იქნება, გაერო მზადაა გამომძიებლები გაგზავნოს ფრონტის ხაზის ქალაქ ოლენივკაში, სადაც 29 ივლისს თავდასხმა მოხდა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა 29 ივლისს გამოაცხადა, რომ ცდილობს ადგილზე ჩასვლას, და გამოვიდა დაჭრილების ევაკუაციის პროცესში დახმარების შეთავაზებით.

გავრცელებული ცნობებით, ოლენივკაში საპატიმროზე თავდასხმას ემსხვერპლა ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვე.

რუსეთი აცხადებს, რომ ოლენივკის ციხეზე დარტყმა განახორციელა უკრაინის არმიამ, აშშ-ის მიერ მიწოდებული სარაკეტო იარაღით.

უკრაინის არმია აცხადებს, რომ იმ არეალში სარაკეტო ცეცხლი არ გაუხსნია. უკრაინა რუსეთის ძალებს სდებს ბრალს ციხის დაბომბვაში, იქ მყოფი უკრაინელების წამებისა და სიკვდილით დასჯის შემთხვევების დამალვის მიზნით.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მოვალეობაა რეაგირება ოლენივკის თავდასხმაზე.

"ეს იყო რუსეთის მიზანმიმართული ომის დანაშაული, უკრაინელი ტყვეების მიზანმიმართული მასობრივი მკვლელობა" - თქვა ზელენსკიმ 30 ივლისს, გვიან საღამოს. "რუსეთი იურიდიულად მკაფიოდ უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის მხარდამჭერად" - დასძინა მან.

XS
SM
MD
LG