Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა


დავით ჯიჯეიშვილი - 20 წლის, ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული

მცხეთის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ცხვარიჭამიაში 28 ივლისს 20 წლის ახალგაზრდა კაცის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ, დავით ჯიჯეიშვილს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლე თითქმის ერთი საათის განმავლობაში სათათბიროდ იყო გასული.

ეს არ ნიშნავს, რომ ბრალდებულს ბრალი დაუმტკიცდა - ეს არის აღკვეთის ღონისძიება მომდევნო სასამართლო სხდომამდე.

დავით ჯიჯეიშვილის მსგავსად პატიმრობა შეეფარდათ ამ საქმის შვიდ სხვა ბრალდებულებსაც. მათ ბრალი უფრო მსუბუქი კვალიფიკაციით აქვთ წაყენებული.

  • დავით ჯიჯეიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წაყენებული: განზრახ მკვლელობისთვის (108-ე მუხლით) და დანით ჩადენილი ჯგუფური ხულიგნობისთვის (239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით). მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • ხუთი ადამიანი დაკავებულია ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით (239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით). მათ ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა;
  • ორ ადამიანი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა (370-ე მუხლის მესამე ნაწილით) და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის (376-ე მუხლის პირველი ნაწილით). მათ სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო სხდომაზე ბრალი ნაწილობრივ აღიარა. პროკურატურამ როგორც მის, ასევე დანარჩენი შვიდი ბრალდებულის შემთხვევაში მოსამართლისგან აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

28 ივლისს ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა კაცი მოკლეს. რამდენიმე საათში ამ საქმეზე დააკავეს შვიდი ადამიანი. მათ გამოძიება ხულიგნობას, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. დაკავებულები არიან ის ადამიანები, რომლებიც მკვლელობის დღეს, დაბადების დღის წვეულებაზე იყვნენ.

22 წლამდე ახალგაზრდა კაცი პოლიციამ განზარახ მკვლელობის ბრალდებით 29 ივლისს დააკავა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მირიან კუკავას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კუკავა მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიება ერთდროულად მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით - განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის კვალიფიკაციით. მათ შორის ყველაზე მძიმე კვალფიკაცია სიხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლია - განზრახ მკვლელობა. ამ დანაშაულისთვის 10-დან 15 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG