საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, ქართულმა კომპანიამ CAMEX-ის ავიახაზებმა აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერითა და ამერიკული ინვესტიციის მეშვეობით თვითმფრინავი „ბოინგ-737" შეიძინა. შედეგად CAMEX-ის ავიახაზები საქართველოში პირველი საჰაერო გადაზიდვების კომპანია გახდება, რომელიც ტრანსკონტინენტულ მარშრუტზე იმუშავებს.
„ამ თვითმფრინავის დასავლეთში ფრენა სიმბოლურად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასავლურ მისწრაფებებსაც აღნიშნავს", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
დიპლომატი საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ესწრებოდა ღონისძიებას, რომელიც, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიეძღვნა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ CAMEX-ის ავიახაზებისთვის სერთიფიცირების პროცესის დასრულებას.
როგორც ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა თქვა, CAMEX-ის ავიახაზების პროექტი ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია და ის ხელს შეუწყობს ქვეყნის ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალის უკეთესად გამოყენებას.
„ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული ინიციატივის, წარმატებული პროექტის დასაწყისის მომსწრენი ვართ და მსურს მადლობა გადავუხადო აშშ-ს მჭიდრო თანამშრომლობისთვის - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ქართულ-ამერიკული პროდუქტი, როდესაც დაფინანსების კუთხით გვყავს ამერიკის საფინანსო კორპორაცია, როგორც პარტნიორი, ასევე წარმოდგენილია კორპორაცია Gazelle Finance, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებით დაფინანსებას ახორციელებს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
CAMEX-ის ავიახაზები ქართული კომპანიაა. როგორც სამინისტრო იუწყება, ავიაბაზარზე ახალი გადამზიდავი კომპანიის გამოჩენა ამერიკულ საფინანსო კორპორაცია Gazelle Finance-თან წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.
CAMEX-ის ავიახაზების კუთვნილი Boeing 737-800 BCF თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ივლისის დასაწყისში მიიღო და მან პირველადი ტექნიკური დათვალიერებაც უკვე წარმატებით გაიარა.
სამინისტროს ცნობით, CAMEX-ის ავიახაზები ბაზარზე უახლოეს მომავალში ოთხი ბორტით იქნება წარმოდგენილი და პირველი კომერციული ფრენის შესრულებას აგვისტოს მეორე ნახევარში გეგმავს.
კომპანიის ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტის შედეგად, ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკას უკვე შეემატა 100 მლნ ლარის მოცულობის აქტივი, ხოლო ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 150-ს მიაღწევს.
დაწერეთ კომენტარი