გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მსოფლიოს გარშემო ქვეყნებს მოუწოდა "კაცობრიობა დააყენონ ახალ გზაზე", რომელიც თავისუფალი იქნება ბირთვული იარაღისგან - იმ ფონზე, როცა მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის პირობებში პლანეტას "მხოლოდ ერთი არასწორი გათვლა ააშორებს ატომური განადგურებისგან".
ამ მომენტამდე მსოფლიოს "არაორდინარულად გაუმართლა" - თქვა გუტერეშმა 1 აგვისტოს, ატომური იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისადმი მიძღვნილი შეხვედრის დასაწყისში. "მაგრამ გამართლება სტრატეგია არ არის. და ის ვერ დაგვიცავს ვერც გეოპოლიტიკური დაძაბულობის ბირთვულ კონფლიქტში გადაზრდისგან".
ხელშეკრულების მიზანია აღიკვეთოს ატომური იარაღის და მათი ტექნოლოგიების გავრცელება. ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ერთადერთ სავალდებულო პირობას მრავალმხრივი შეთანხმებისა, რომელიც მიემართება ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოთა განიარაღებას.
გუტერეშის თქმით, მსოფლიო ამჟამად არის "ბირთვული საფრთხის პირისპირ, როგორიც ცივი ომის მწვერვალის შემდეგ აღარ ყოფილა", იმ ფონზე, როცა რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ქმნის გაფართოებისა და დასავლეთის ჩართვის საფრთხეს. "კაცობრიობას დღეს მხოლოდ ერთი გაუგებრობა, ერთი არასწორი გადაწყვეტილება აშორებს ატომურ განადგურებას" - თქვა გუტერეშმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კონფერენციას მიმართა წერილით, რომელშიც ამბობს, რომ ბირთვულ ომს "გამარჯვებული არ ეყოლება" და რომ ეს არასოდეს არ უნდა მოხდეს.