Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესის დელეგაციის თვითმფრინავი ტაივანის აეროპორტში დაეშვა


ნენსი პელოსი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი
ნენსი პელოსი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

მიუხედავად ჩინეთის მხრიდან გაფრთხილებისა და სამხედრო მუქარისა, აშშ-ს თვითმფრინავი, რომელშიც კონგრესის დელეგაცია იმყოფება წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ხელმძღვანელობით, ტაივანის აეროპორტში დაეშვა.

თვითმფრინავის დაშვებამდე ჩინეთმა ტაივანის სრუტის მიმართულებით ქვეყნის საჰაერო სივრცე დაკეტა სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის. საინფორმაციო სააგენტო AFP, ადგილობრივ ტელეარხებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ჩინური გამანადგურებლები ტაივანის სრუტის გარშემო დაფრინავდნენ.

პელოსი აზიაში 31 ივლისს გაემგზავრა, თუმცა თავიდან გაურკვეველი რჩებოდა საკითხი განახორციელებდა თუ არა ის ტაივანში გაჩერების გეგმას - ანუ პოტენციურ ვიზიტს, რომელზეც პეკინი გამოდის გაფრთხილებით, რომ ის პროვოკაციად იქნება აღქმული. ჩინეთმა სიბრაზით უპასუხა მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ პელოსი შესაძლოა ჩავიდეს ტაივანში - რომელსაც ჩინეთი მეამბოხე პროვინციად აღიქვამს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პეკინმა ვიზიტი სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნია და ვაშინგტონს სერიოზული შედეგებით დაემუქრა. ამერიკული დელეგაციის ვიზიტის წინა დღეს ტაივანის მახლობლად ჩინეთის სამხედრო წვრთნები დაიწყო, მათ შორის სადესანტო ძალებითა და სროლებით. კონფლიქტის ზონაში განხორციელდა ასევე ზებგერითი ფრთოსანი რაკეტის გაშვება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ტაივანის გარშემო არსებული დაძაბულობა განიხილეს 28 ივლისს, სატელეფონო საუბარში, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. საუბრის შინაარსის პეკინის მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, სი ძინპინმა ხაზი გაუსვა ჩინეთის პრეტენზიას ამ კუნძულზე, რომელსაც უკვე ათწლეულებია დემოკრატიული მთავრობა ჰყავს. "ცეცხლს ვინც ეთამაშება, ცეცხლშივე დაიწვება" - ამბობს ჩინეთის პრეზიდენტი ამ დოკუმენტში.

XS
SM
MD
LG