Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ არასერიოზულად მიიჩნევს პატიმრების გაცვლის შესახებ რუსეთის პასუხს


ვიქტორ ბუტი, პოლ უელანი და ბრიტნი გრეინერი

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სერიოზულად არ მიიჩნევს რუსული მხარის პასუხს აშშ-ის წინადადებაზე პატიმრების გაცვლის შესახებ და თვლის, რომ აუცილებელია კეთილსინდისიერი მოლაპარაკება.

ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. მანამდე ვაშინგტონმა რუსეთს შესთავაზა იარაღით ვაჭრობის გამო მსჯავრდადებული რუსი ბიზნესმენის, ვიქტორ ბუტის, გაცვლა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ბრიტნი გრეინერთან და ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეით პოლ უელანზე. უელანი რუსეთში ჯაშუშობისთვის გაასამართლეს, გრეინერს ბრალი ნარკოტიკების კონტრაბანდაში ედება.

მანამდე CNN-ი იტყობინებოდა, რომ გაცვლის გეგმა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაამტკიცა. უცნობია, რუსეთის რომელი წინადადება მიიჩნიეს თეთრ სახლში არასერიოზულად. კარინ ჟან-პიერმა მას "მუხანათური" უწოდა დეტალების გამხელის გარეშე.

ივლისის ბოლოს, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვმა მოითხოვა გერმანიაში სამუდამო პატიმრობა მისჯილი რუსი ვადიმ კრასიკოვის დამატება აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის შეთანხმებაში. კრასიკოვი, რომელიც ვადიმ სოკოლოვის საბუთებით მოგზაურობდა, 2021 წელს, ბერლინში, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ დაადგინა, რომ ის მოქმედებდა მოსკოვის ბრძანებით და მის დანაშაულს სახელმწიფო ტერორისტული აქტი უწოდა.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კრასიკოვი შესაძლოა იყოს "ვიმპელის" სპეცდანიშნულების განყოფილების ვეტერანი და FSB-ის უფროსი ოფიცერი.

ვიქტორ ბუტი დაკავშირებული იყო რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან (GRU).

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, მოსკოვი მზადაა უარი თქვას პატიმრების გაცვლაზე, თუ ორი ამერიკელის სანაცვლოდ არ მიიღებს ორ რუსს. ვადიმ კრასიკოვის გარდა, სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, გაცვლის შესაძლო კანდიდატი რუსი ბიზნესმენი ვლადისლავ კლიუშინია, რომელსაც აშშ ადანაშაულებს ათეულობით მილიონი დოლარის ოდენობით ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG