Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“საქართველოს არ აქვს ფუფუნება, უარი თქვას რუსულ საწვავზე” - რატომ გაიზარდა რუსული საწვავის ნაკადები საქართველოში


წელს იანვრიდან მაისის ჩათვლით ყველაზე მეტი ბენზინი, დიზელი და თხევადი აირი საქართველომ რუსეთში იყიდა.
წელს იანვრიდან მაისის ჩათვლით ყველაზე მეტი ბენზინი, დიზელი და თხევადი აირი საქართველომ რუსეთში იყიდა.

თუკი ერთმანეთს შევადარებთ თანხას, რომელიც საქართველომ რუსულ ნავთობში 2022 წლის პირველ ნახევარში გადაიხადა, წინა წლის ამავე პერიოდთან, აღმოჩნდება, რომ რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავზე საქართველომ წელს 208%-ით მეტი დახარჯა და 77%-ით მეტი პროდუქტი შემოიტანა.

წელს იანვრიდან მაისის ჩათვლით ყველაზე მეტი ბენზინი, დიზელი და თხევადი აირი საქართველომ რუსეთში იყიდა, საერთო წილის 33%. მათ შორის, თხევადი აირის ფაქტობრივად 100%.

“ეს სტატისტიკა უკავშირდება რუსეთის ფედერაციიდან (92 ოქტანის) ბენზინის იმპორტს... მისი ფიქსირებული ფასი მკვეთრად დაბალია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციის… უნდა დავამატოთ, რომ ხარისხიც საკმაოდ მაღალია, ესაა ევრო-5-ის შესაბამისი სტანდარტის [საწვავი]. ანუ ხარისხი მაღალია, ფასი - დაბალი”, - ამბობს ვანო მთვრალაშვილი, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე და ამატებს, რომ ბოლო 5-6 წელია, რუსეთი ისედაც ლიდერობდა იმპორტიორთა შორის და პირველ ადგილზე თუ არა, ორეულში მაინც შედიოდა. ამას ადასტურებს სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებიც.

რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტიორების ათეულში წელს ბაზრის რამდენიმე მთავარი მოთამაშეც მოხვდა. “ვისოლი”, “სოკარი” და “სან პეტროლიუმ ჯორჯია”, იგივე “გალფი”, რომლებიც ბენზინგასამართ სადგურებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ფლობენ.

რუსეთის ბაზარი - იაფი და ამორალური?

როდესაც 2022 წლის მარტში საქართველოში საწვავის ფასმა 4 ლარს პირველად გადააჭარბა, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა მოთხოვნით - შეცვლილიყო ნავთობპროდუქტების დაბეგვრის პოლიტიკა. აქციის ათასობით მონაწილემ ქალაქის ცენტრში მოძრაობა შეაფერხა, იმ დღეს რამდენიმე აქტივისტი პოლიციამაც კი დააკავა.

რიტორიკა, თითქოს არსებობს საწვავის წყაროს იაფი ალტერნატივა, ტყუილია, სინამდვილეში არსებობს ალტერნატიული წყარო რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტებისა, რომლის შეძენაზეც უარი თქვა მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ გამონაკლისების გარდა...
ვასო ურუშაძე

“ერთადერთი გამოსავალი, რომ ოკუპანტი ქვეყანა არ ვამდიდროთ და შევქმნათ ალტერნატიული რეალობები, არის ეფექტური საგადასახადო პოლიტიკა, ანუ აქციზის გადასახადი უნდა ჩავხსნათ სრულად და დამატებითი ღირებულების გადასახადი საწვავის კომპონენტში უნდა აისახოს მცურავ რეჟიმზე, ანუ 10%-ზე დაიწიოს…

[ჩვენ] შეგვიძლია, სახელმწიფო ვაიძულოთ, რომ მიიღოს შესაბამისი საგადასახადო პოლიტიკა, ნება იმისა, რომ რუსულ საწვავს გაუხსნა გზები სახელმწიფომ, სხვა ამბავია”, - ამბობს ეკონომისტი ოთარ აბესაძე, საწვავზე ფასების შემცირების აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

თუმცა ამ აქციებიდან მალევე, საგადასახადო პოლიტიკის გადახედვის ნაცვლად ხელისუფლებამ საუბარი წამოიწყო ახალი, უფრო იაფიანი ბაზრების მოძებნის საჭიროებაზე.

​"მე მაქვს მოლოდინი, ჩვენო საწვავის იმპორტიორებო, გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ კორექტირებას ფასების… რაც მალე დაიწყება ეს პროცესი, მით უკეთესი იქნება. მე ვიცი, რომ დაიწყეს სხვა ჯგუფებმაც შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა. აქაც უნდა გაიხსნას პროცესი…” - თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარალელურად, კონკურენციის სააგენტოს ბაზრის შესწავლა დაავალა.

ამ საჯარო განცხადებიდან 2 კვირაში კონკურენციის სააგენტოს უკვე ჰქონდა შუალედური დასკვნა. მასში ეწერა, რომ მარტი-აპრილის მონაცემით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება საშუალოდ 30-60 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მსხვილი კომპანიები რუსულ საწვავს საქართველოში ევროპულის ფასად ყიდიან.

ყველამ კარგად ვიცით, რომ მთლიანად რუსული ნავთობბაზარი სანქცირებულია, რა თქმა უნდა, არსებობს დათქმები და გამონაკლისები, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ესაა პირველ რიგში ღირებულებითი და მორალური სანქციაც…
ვასო ურუშაძე

“ფაქტობრივად, ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრი, კამპანიაში ჩაერთო, რათა ხელი შეეწყო საქართველოში რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტების რეალიზაციისთვის. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების შემდეგ დაიწყო კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევა, მას შემდეგ, რაც მათ თითის ქნევით დაავალა ბაზარზე გაეკეთებინა კვლევა. სააგენტომ აღმოაჩინა პრობლემები და დადო დასკვნა, რომ შესაძლებელია იაფი საწვავის შეძენა, რაც გააიაფებს სამომხმარებლო ღირებულებას. ეს იაფი საწვავი იყო რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობპროდუქტი…

რიტორიკა, თითქოს არსებობს საწვავის წყაროს იაფი ალტერნატივა, ტყუილია, სინამდვილეში არსებობს ალტერნატიული წყარო რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტებისა, რომლის შეძენაზეც უარი თქვა მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ გამონაკლისების გარდა”, - ამბობს “ანტიკორუფციული მოძრაობის” ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე და ამატებს: “ყველამ კარგად ვიცით, რომ მთლიანად რუსული ნავთობბაზარი სანქცირებულია, რა თქმა უნდა, არსებობს დათქმები და გამონაკლისები, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ესაა პირველ რიგში ღირებულებითი და მორალური სანქციაც…”.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ სანქცირებული პროდუქტის შემოტანის რისკი მინიმალურია, რადგან საბაჟოზე შემოსატანი პროდუქციის წარმოშობა მის სერტიფიკატში ჩანს. დოკუმენტები კი მკაცრად კონტროლდება.

სანქცირებული საწვავის შემოტანას უარყოფენ „გალფშიც“. კომპანია შემოტანის ყველა ეტაპის გამჭვირვალობაზე მიუთითებს, თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ “ევროკავშირის ქვეყნებიც თანამშრომლობენ რუსულ კომპანიებთან, მათ შორის - “როსნეფტთან”.

“როსნეფტი” დასავლეთმა ჯერ კიდევ 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაასანქცირა.

გააიაფა თუ არა საწვავი რუსული ბაზრის წილის გაზრდამ?

“უარი საწვავის ფასებს” - Facebook-ზე ამ სახელწოდების ჯგუფს დღემდე 160 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. ჯგუფის ადამინისტრატორი გიორგი გილიგაშვილი, რომელიც საწვავის ფასის გაიაფებას ათასობით დემონსტრანტთან ერთად მოითხოვდა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს, როგორ ჰპირდებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები, რომ რუსეთიდან იაფი საწვავის ნაკადის ზრდასთან აერთად “ხალხის მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა”, არადა, პირიქით მოხდა, მას შემდეგ საწვავი გაძვირდა.

საგადასახადო რეფორმის გარეშე საწვავის ფასს ვერ დაარეგულირებს ვერაფერი. ეს არის გარდაუვალი. იმ დონის ინფლაციაა ქვეყანაში…
ოთარ აბესაძე

“ივნისის შუა რიცხვებში 2,5 ლარი მაინც უნდა გამხდარიყო საწვავი, როგორც დათვლილი იყო, თუ რუსეთიდან შემოიტანდნენ… არანაირად არ დატყობია. 60 თეთრით არის გაძვირებული [ბენზინი] ბრენდირებულებში მარტის [აქციების] შემდეგ. მაშინ 3,50-ზე მერყეობდა, ახლა 4,20 ლარი ღირს პრემიუმი. ევრო რეგულარი 2,30 ლარზე მერყეობდა, დღეს 3,90 ღირს. ავტომატურად გაზრდილი ფასებია, რომლის უკანაც, რა თქმა უნდა, მთავრობა დგას. ჩვენ სექტემბრიდან კიდევ უფრო გავაქტიურდებით”, - ამბობს იგი.

იმავეს იმეორებს ოთარ აბესაძეც და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ფასების კლებას საგადასახადო რეფორმა სჭირდებოდა და არა ბაზრის შეცვლა.

“ჩვენი აქციების შემდეგ საწვავი დაახლოებით 90 თეთრით გაძვირდა, პირიქით მოხდა. ჩვენ რომ აქციები ჩავატარეთ, მაშინ 1 ლიტრი საწვავი ღირდა 3,50 ლარი, ახლა მივიღეთ 4,7 ლარი. მეტიც, [აქციაზე] დაგვიჭირეს, 22 ადამიანს 2000-ლარიანი ჯარიმები დაგვიწესეს, გვეძახეს პოლიტიკურად აქტიური პირები, ნაცები…

გვქონდა ინფორმაცია, რომ გაიზრდებოდა რუსული ნაკადები, ამიტომაც სპეციალურად ვაკეთებდით მოთხოვნას, აპელირება გაკეთებულიყო გადასახადებზე.

საგადასახადო რეფორმის გარეშე საწვავის ფასს ვერ დაარეგულირებს ვერაფერი. ეს არის გარდაუვალი. იმ დონის ინფლაციაა ქვეყანაში… საგადასახადო რეფორმის გარეშე ვერ ასახავენ დაბალ ფასს, რაც არ უნდა იაფიანი შემოიტანონ. რუსული კი არა, აქ რომ ამოხეთქოს ნავთობმა, თბილისის კუთხეში, იმით ვერ დაიჭერ ამ ფასს”.

ჩვენ იმპორტზე ვართ დამოკიდებულები. თუ უარს ვიტყვით რუსულ პროდუქტზე, მაშინ უნდა დავიწყოთ ევროპიდან პროდუქციის იმპორტი, ამით, ალბათ, დეფიციტიც შეიქმნება...
ვანო მთვრალაშვილი

დღეს ქვეყანაში მოქმედ არაბრენდირებულ და ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე სხვადასხვა ხარისხის ბენზინის ფასი 3,19-დან 4,29 ლარამდე მერყეობს, დიზელი კი 4,44-დან 4,78 ლარამდე ღირს.

რუსული საწვავის კონცენტრაცია ქართულ ბაზარზე წლების განმავლობაში მაღალი იყო. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის ფასი გაიზარდა, საქართველოში საწვავის ღირებულებამ დრამატულად მოიმატა. ამ ფონზე იაფი რუსული ბენზინის წილი კიდევ უფრო გაიზარდა, საცალო ფასი კი მსხვილ კომპანიებში კვლავ გაძვირებულია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველო რუსულ ნავთობს ვერ ჩაანაცვლებს, რადგან სხვა არჩევანი ამ ეტაპზე არ გააჩნია.

“...ჩვენ იმპორტზე ვართ დამოკიდებულები. თუ უარს ვიტყვით რუსულ პროდუქტზე, მაშინ უნდა დავიწყოთ ევროპიდან პროდუქციის იმპორტი, ამით, ალბათ, დეფიციტიც შეიქმნება”, - ამბობს ვანო მთვრალაშვილი და აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ბაზრებს რუსეთის ალტერნატივად არ განიხილავს: “აზერბაიჯანი ბოლო ორი თვეა დიზელს გვაწვდიდა და ამასაც ვეღარ გვაწვდის, ქარხანა გაჩერებულია, თურქმენეთიდან არაფერი მოდის, იმიტომ რომ მანდაც პრობლემებია, საქართველოს არ აქვს ფუფუნება, [უარი თქვას რუსულ საწვავზე]”.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG