Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიკვირს იმ ქართველების, რომლებიც მსგავს განცხადებებს არ გმობენ - მდინარაძე დანილოვის განცხადებაზე


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ოლექსეი დანილოვის განცხადებაზე ამბობს, რომ ცალკეული ადამიანების აღარ უკვირს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ნამდვილად უკვირს იმ ეროვნებით ქართველების, რომლებიც ასეთ განცხადებებს არ გმობენ.

მდინარაძის თქმით, საქართველოსთვის მტრულია განცხადება, რომელიც მოგვიწოდებს ომისკენ.

"საქართველოს მტრობა თუ ვინმეს უნდა, ასეთი განცხადებები უნდა აკეთოს. მე ამ ცალკეული ადამიანების აღარ მიკვირს. ისინი ომის მოწოდებებს პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ახორციელებდნენ და ახლაც აკეთებენ იგივე განცხადებას, როგორც თქვენ მეუბნებით. მაგრამ მე ნამდვილად მიკვირს იმ ეროვნებით ქართველების, რომლებიც ასეთ განცხადებებს არ გმობენ და არათუ გმობენ არ ემიჯნებიან. შემდეგ კამპანიებს ალაგებენ, მეგობრებს სთხოვენ, რომ ისეთი კამპანიები ააგორონ, "დასავლეთს არ უნდა ომი" და ასე შემდეგ. ამდენი რესურსის ხარჯვას უბრალოდ ერთ დღეს ადგნენ და ასეთი განცხადებები, დღევანდელი რაც გაკეთებულა კიდევ დამატებით უბრალოდ დაგმონ, გაემიჯნონ და თქვან, გაბედონ თავის დავალების მიმცემებს გაუბედონ, რომ "არა, მე ქართველი ვარ და ეს უნდა გავაკეთო", - განაცხადა მდინარაძემ ზუგდიდში ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, ისინი ქვეყნის გამთლიანებაზე ყოველთვის იზრუნებენ, მაგრამ ეს არ იქნება ომის გზით.

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა უკრაინულ მედია24 Канал-თან ინტერვიუში თქვა, რომ დღესაც თვლის, რომ თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია დაიცვას საკუთარი მიწები.

"როდესაც ომი დაიწყო, მე მქონდა კამათი ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. დღესაც ვთვლი, რომ თუ საქართველო ამ რეგიონებს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია, დაიცვას საკუთარი მიწები. ასევე, სხვა ქვეყნებმა - თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენია, მოგვბაძეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ... არ მინდა სხვა ქვეყნების ხელისუფლებას შევეხო, მაგრამ ჩვენ მათთვის დიდ საქმეს ვაკეთებთ. მათ მაგივრად არა, მათთვის. დანარჩენში თვითონ გაერკვევიან, მათი ტერიტორიაა. ჩვენ ახლა ჩვენი ქვეყანა გვაქვს დასაცავი", - თქვა დანილოვმა.

დანილოვმა მსგავსი განცხადება 26 მარტსაც გააკეთა. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელმა თქვა: "თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია პრეტენზია კალინგრადის ოლქზე, ეს ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარებოდა, მათ [რუსეთს] სხვა საქმეებიც გამოუჩნდებოდათ გარდა იმისა, რომ გაანადგურონ ჩვენი ქალაქები და სოფლები, დახოცონ ჩვენი ბავშვები და ქალები." დანილოვის ამ განცხადებას საქართველოში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მანამდე კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურნენ. შალვა პაპიაშვილმა თქვა, რომ მიუღებელია საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდება.

XS
SM
MD
LG