Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი აკრიტიკებს Amnesty International-ის ანგარიშს, რომელშიც უკრაინის არმიის მიერ ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევაზეა საუბარი


საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისგან თავდაცვის დროს უკრაინელი სამხედროები საფრთხეს უქმნიან მშვიდობიან მოსახლეობას სამხედრო ბაზების შექმნითა და შეიარაღების განთავსებით საცხოვრებელ ადგილებში, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ "ამნესტი ინტერნეიშენალის" განცხადებას უსამართლო უწოდა: "Amnesty International-ის ასეთი ქცევა არ არის სიმართლის ძიება და მსოფლიოსთვის მისი მიწოდება, ეს ეხება ყალბი ბალანსის შექმნას დამნაშავესა და მსხვერპლს შორის, ქვეყანას, რომელიც ასობით და ათასობით მშვიდობიან მოსახლეობას, ქალაქებს, ტერიტორიებს ანადგურებს და ქვეყანას შორის, რომელიც სასოწარკვეთილი იცავს თავს, ცდილობს გადაარჩინოს ხალხი და კონტინენტი ამ თავდასხმისგან“,- ნათქვამია კულებას მიერ ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში .

მან ორგანიზაციას მოუწოდა არ ჩაერთონ " შექმნის ყალბი რეალობის შექმნაში, სადაც ცოტათი ყველას დამნაშავეა."

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა თქვა, რომ Amnesty International მონაწილეობს უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით გაჩაღებულ რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კამპანიაში.

"ამნესტი ინტერნეიშენალის" კვლევაში მითითებულია, რომ საცხოვრებელ ადგილებში იარაღის განთავსება არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, ვინაიდან ის სამოქალაქო ობიექტებს სამხედრო სამიზნედ აქცევს. დასახლებებზე რუსული იერიშის შედეგად, მშვიდობიანი მოსახლეობა იხოცება და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ნადგურდება, - აცხადებენ საერთაშორისო უფლებადამცველები.

უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის, დონეცკისა და ნიკოლაევის რეგიონების 19 ქალაქსა და სოფელში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში იყო ბაზირებული. ხოლო საცხოვრებელი ადგილების უმეტესობა, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები იყვნენ განთავსებული, ფრონტის ხაზიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობენ.

ამავე დროს, Amnesty International აღნიშნავს, რომ რუსეთი ახორციელებს განურჩეველ თავდასხმებს, კერძოდ, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენებით. ორგანიზაციამ დააფიქსირა, რომ რუსეთმა ხარკოვში ომის დანაშაული ჩაიდინა. "ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ვერანაირი მტკიცებულება, რომ უკრაინის ძალები იმყოფებოდნენ იმ სამოქალაქო ობიექტებში, რომლებზეც რუსეთის არმიამ მიიტანა იერიში,"- ნათქვამია ანგარიშში.

გასულ თვეში კიდევ ერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ რუსეთის და უკრაინის ჯარები უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ზედმეტი რისკის ქვეშ აყენებენ დასახლებულ პუნქტებში თავიანთი ძალების განლაგებით იმ დროს, როდესაც არ უზრუნველყვეს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ადგილებში ევაკუაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG