Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაცისტები, ბარში არ შეგვიშვეს“ - რაზე წუხს რუსი ტურისტი თბილისში 


წარწერები დედაენის ბარის კედელზე
წარწერები დედაენის ბარის კედელზე

თბილისი, ან როგორც კავკასიაში მომუშავე კანადელმა ჟურნალისტმა, ნილ ჰაუერმა თქვა, მოსკოვი ხაჭაპურით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქი იყო.

2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც პრეპანდემიურ 2019 წელთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებია. თუმცა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში 15-წუთიანი გასეირნებაც საკმარისია, რომ მიხვდეთ, რამდენად ხშირად ისმის რუსული საუბარი.

რაც მკვეთრად შეიცვალა, არის ქართველების დამოკიდებულება რუსებისადმი, უკრაინაში რუსეთის დამანგრეველი შეჭრის გამო. ბევრგან შეხვდებით უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნებს, აივნებიდან და ფანჯრებიდან გადმოკიდებულ ლურჯ-ყვითელ დროშებსა თუ გრაფიტებს „სლავა უკრაინი!“ და უკრაინელის მებრძოლის ცნობილ ფრაზას რუსულ ხომალდთან დაკავშირებით.

უკრაინისადმი მხარდაჭერას არ მალავენ ქართული კაფეები, ბარები და რესტორნებიც, თუმცა ვაიფაის პაროლის „სლავაუკრაინი“ თუ რუსულად მომსახურებაზე უარის გამო, უსიამოვნებებში ეხვევიან.

„ვიზა“ რუსეთის მოქალაქეებისთვის

თბილისში ერთ-ერთი ცნობილი „დედაენის ბარი“ უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთის მოქალაქეებზე „ვიზას“ გასცემს.

სტიკერები დედაენის ბარის კარზე
სტიკერები დედაენის ბარის კარზე

„ჩვენ ვიცავთ თანასწორობასა და ერთიანობას, მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ტვინგამორეცხილი რუსი იმპერიალისტები არ აღმოჩნდებიან ჩვენს ბარში“, - წერია ბარის საიტზე, რომელიც რუს მომხმარებლებს სთხოვს, დაადასტურონ:

  • პუტინისთვის ხმა მიმიცია, ის დიქტატორია
  • ვგმობ რუსეთის აგრესიას უკრაინაში
  • საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ
  • მომწონს ფრაზა „Russkii Voennii Karabl, Idi Na X*i“
  • დიდება უკრაინას

ასევე, ბარი რუსეთის მოქალაქეებს სთხოვს, პერსონალს ქართულად ან ინგლისურად ელაპარაკონ და ნასვამები არ ჩაერთონ პოლიტიკურ დისკუსიებში.

ამ პოლიტიკის გამო, დედაენის ბარს ათასობით უარყოფით შეფასებას უწერენ სოციალურ ქსელებში:

  • აი ნაცისტები, არ შეგვიშვეს;
  • რუსებისთვის კარი დაკეტილია. თუ არ გინდათ განწყობის გაფუჭება და რასობრივ დისკრიმინაციასთან შეჯახება, ჯობს გვერდით ჩაუაროთ ამ ადგილს;
  • თანამედროვე მსოფლიოში, დასასვენებელი ადგილი უნდა იყოს პოლიტიკის, ნაციზმის მიღმა!
  • რუსოფობები…. დიდება რუსეთს!

ერთმა მომხმარებელმა შეფასებაში მხოლოდ ლათინური Z დატოვა, რომელიც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის სიმბოლოდ იქცა.

ბოლო რამდენიმე საათში ათასობით უარყოფით გამოხმაურებას „დედაენის ბარში“ ორგანიზებულ კიბერშეტევად აღიქვამენ.

გამარჯობა, მადლობა, გენაცვალე

დაწესებულებებში, რომელთაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ამბობენ, რომ მომხმარებლების სულ მცირე ნახევარი მაინც რუსი ან რუსულენოვანია. ისინი, ვინც საჯაროდ უკრაინაში ომს და ახალ კონტექსტს არ იმჩნევს, რუსულენოვან კლიენტებს ძველებურად რუსულ ენაზე და რუსული მენიუთი ემსახურება.

ისეც ხდება, რომ შეიძლება მენიუ მხოლოდ რუსულ ენაზე მოგაწოდონ, როგორც თომა ლიპარტიანს.

„მიმტანს ვეკითხები, აქ თუ გინახავთ ქართული მენიუ-მეთქი, მპასუხობს, არაო. ვეკითხები, აქ რამდენი ხანია რაც მუშაობთ-მეთქი და მიპასუხა, სამი კვირაო“, - ამბობს ლიპარტიანი.

ისინი კი, ვინც გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ამბობენ, რომ არაერთი მომხმარებელი დაკარგეს.

რესტორან „ქეთო და კოტეს“ შესასვლელში, გრძელ მაგიდაზე ნამცხვრებს შორის, ფორთოხლები დევს, რომლებშიც პატარა უკრაინის დროშაა ჩარჭობილი. რესტორანში, რომლის მომხმარებლების უმეტესობა რუსულენოვანია, დროშა რამდენჯერმე ამოიღეს:

„თვითონ ამბობენ, რომ ეს აქ არ უნდა იყოს და არ სჭირდება უკრაინას თანადგომა. თუმცა ჩვენ მაინც ვტოვებთ დროშას და გამოვხატავთ ჩვენს თანადგომას“, - ამბობს რესტორნის მენეჯერი, ნიკა ნაროზაშვილი და ამატებს, „ბევრ სტუმარს პირიქით, მოსწონს დროშა, ფოტოებსაც კი იღებენ“.

უკრაინის დროშა „ქეთო და კოტეს“ შესასვლელში
უკრაინის დროშა „ქეთო და კოტეს“ შესასვლელში

„დიდი ხანია ამ სფეროში ვარ და ცოტა მეტად პრეტენზიული სტუმრები არიან. თავიდანვე ასე იყო, ახლა არ შეცვლილა“, - ამბობს მარიამ ანდღულაძე, „მეფე და ჩიტის“ მენეჯერი.

რესტორანში ვაიფაის სახელია Russia Is Occupier [რუსეთი ოკუპანტია] და პაროლია Slavaukraini [დიდება უკრაინას]. ამის გამო, არაერთ მომხმარებელს დაუტოვებია რესტორანი.

„ერთი გოგო შემოვიდა, რუსულად დაიწყო საუბარი. ჩვენ ინგლისურად გავუგრძელეთ. უარი თქვა ინგლისურად ლაპარაკზე. რადგან სტუმარი იყო, მაინც დაველაპარაკე რუსულად. რომ მივაცილე მაგიდასთან, ვაიფაი მკითხა და ვუთხარი, ეგრევე წამოხტა. დაიწყო ყვირილი - როგორ არ გრცხვენიათ, რუსები გარჩენენო. მე ქართველი ვარ და მწყინს, რომ ასე იქცევითო. თუ რამე არ მოგწონს, შეგიძლიათ წახვიდეთ-მეთქი და წავიდა“, - იხსენებს მარიამი.

უკრაინის დროშა „მეფე და ჩიტის“ შესასვლელში
უკრაინის დროშა „მეფე და ჩიტის“ შესასვლელში

„ჩვენ არც გვითქვამს თანამშრომლებისთვის, რომ რუსულად არ ელაპარაკათ. უბრალოდ არ იცოდნენ რუსული და იცოდნენ ინგლისური“, - ამბობს პროსპეროს წიგნების დირექტორი თამარ მეგრელიშვილი და ამატებს: „ღიზიანდებოდნენ და მერე ფრანგულზე გადადიოდნენ და სხვადასხვა ენებზე. მაგრამ საერთაშორისო ენაა ინგლისური და ჩვენ ვსაუბრობთ ამ ენაზე“.

კაფე „გვიმრის“ მფლობელი კი ამბობს, რომ რუსებისგან მხოლოდ იმიტომ მიუღია დაბალი შეფასება, რომ მენიუ ინგლისურად ჰქონდა და არა რუსულად.

„პროტესტის ნიშნად დაუტოვებიათ კიდეც აქაურობა. ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევა და არც მინდა ასეთი სტუმარი“, - ამბობს თორნიკე ჩოხელი, თუმცა ამატებს, რომ დღეს უკვე ბევრს ეუხერხულება რუსულად ლაპარაკი და ცდილობს ინგლისური გამოიყენოს.

უხერხულობა თუ გარკვეული შიში უფრო მეტად ეტყობოდათ ომის დაწყების პირველ პერიოდში, როცა ისინი ცდილობდნენ ინგლისურად კომუნიკაციას და ერთმანეთში ჩურჩულებდნენ რუსულად.

ნაკლებად სწავლობენ ქართულს. გამარჯობა, მადლობა და გენაცვალე არის ის რამდენიმე სიტყვა, რომელიც მათ ლექსიკონში მოიძებნება. და მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები მეტად ცდილობენ, პატივისცემა გამოავლინონ ადგილობრივი ენისა და კულტურისადმი, ხშირად, ტურისტებს რუსეთიდან საქართველოში სრულიად განსხვავებული რეალობა ხვდებათ.

კაფე „გვირილა“
კაფე „გვირილა“

„ვერ ხვდებიან, რომ აქ სხვა რეალობა და სტანდარტები გვაქვს. ხშირად კულტურული შოკი აქვთ. ზოგი ცდილობს მიიღოს, რომ აქაური საზოგადოება სხვანაირად ვითარდება. უკვე აქვთ ჩამოყალიბებული წარმოდგენა, ჯერ კიდევ საბჭოთა ფილმებზე გელაპარაკება და ნოსტალგია აქვს“, - ამბობს თორნიკე ჩოხელი.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG