სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა "სირცხვილიას" დირექტორი, გიორგი მჟავანაძე, რომელიც პოლიციას მუქარაში ადანაშაულებდა, მოსამართლემ 2000 ლარით დააჯარიმა. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 5 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მოსამართლემ მიიჩნია, რომ მჟავანაძე პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.
გიორგი მჟავანაძე 17 მაისს დააკავეს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ამავე დღეს "სირცხვილიამ" თქვა, რომ ბორკილდადებულ მჟავანაძეს სცემეს. მან 19 მაისს გამოქვეყნებულ პოსტში აღწერა, როგორ გახდა საჯარიმო ქვითრის ჩასაბარებლად მისული პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და როგორ ემუქრებოდნენ მას ანგარიშსწორებით პოლიციელები, "თუ არ გაჩუმდებოდა".
მისი თქმით, გლდანის მე-9 განყოფილებაში 7 მარტს უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის ჩასაბარებლად მივიდა, ადგილზე არ დახვდა პოლიციელი, რომლის სახელი და გვარიც არ ახსოვდა, ვინც ის იქ დაიბარა და ამის გამო თქვა, რომ "ვიღაც პოლიციელმა დაურეკა".
"მარცხნივ პოლიციის უფროსის მოადგილის კაბინეტი იყო, დავით კანკავა, რომელიც გამოვიდა და ახლა მძიმე არტილერია ჩაერთო ჩემთან კაჩაობაში. გაშლილ ხელს მიტრიალებს ცხვირთან, დამამცირებლად, როგორც ქუჩაში გინახავთ, ან არ გინახავთ. გაუნძრევლად ვზივარ სკამზე. მეუბნება, რომ უზრდელი ვარ, "ვიღაც" როგორ ვთქვი პოლიციელზე და გარდა ამისა, პოლიციელი, რომ მეუბნება გარეთ გავიდე, რატომ არ გადიხარო", - ასე იხსენებდა მჟავანაძე იმ დღეს.
მისი თქმით, მას არაერთხელ გაარტყეს პოლიციელებმა სახეში და თავის არეში. ასევე აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეუბნებოდნენ, რომ ამის მერე ეცოდინება, პოლიციელზე "ვიღაც" რომ არ უნდა თქვას.
პოლიციელის მხრიდან შესაძლო ძალადობის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს "სისხლის სამართლის კოდექსის" 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნტქით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით).
დაწერეთ კომენტარი