ჩინეთი სანქციებს შემოიღებს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ, ნენსი პელოსისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.
ეს გადაწყვეტილება ჩინეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც პელოსი 2 აგვისტოს ეწვია ტაივანს აშშ-ის კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში. ის გახდა ყველაზე უფრო მაღალი თანამდებობის ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც ვიზიტით ჩაფრინდა ამ კუნძულზე უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში.
თეთრი სახლის წარმომადგნელმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცადა, რომ აშშ გმობს ჩინეთის მიერ ნენსი პელოსის და ოჯახის წევრების მიმართ გამოცხადებულ სანქციებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებდა, რომ პეკინი ამ ვიზიტს შეაფასებს, როგორც მისი სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას და ვაშინგტონს სერიოზული შედეგებით დაემუქრა.
შემზღუდველი ზომები იქნება მიღებული ასევე პელოსის უახლოესი ნათესავების მიმართაც.
გასულ წელს ანალოგიური სანქციები იქნა შემოღებული აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს წინააღმდეგ.
მისი მოწოდება იყო, რომ ტაივანი "თავისუფალ და სუვერენულ ქვეყნად" ეღიარებინათ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა ასევე, რომ ჩინეთი აჩერებს დიალოგს აშშ-სთან რეგიონული სამხედრო სარდლობის დონეზე. ამას გარდა, გაუქმდება ყველა შეხვედრა აშშ-ის წარმომადგენლებთან ზღვაზე უსაფრთხოების მექანიზმის უზრუნველყოფის ჩარჩოებში, ისევე როგორც სამუშაო შეხვედრები ამერიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან.
პელოსის ვიზიტის შემდეგ, ჩინეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო ტაივანის გარშემო მდებარე ექვს რაიონში, საიდანაც სამს ტაივანი საკუთარ ტერიტორიულ წყლებად მიიჩნევს. ეს არის პეკინის პასუხი ნენსი პელოსის ვიზიტზე ტაივანში, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
4 აგვისტოს, დილიდან დაწყებული წვრთნები მოიცავს საბრძოლო სროლებს აკვატორიასა და საჰაერო სივრცეში და 7 აგვისტოს დასრულდება. სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობითვე, დილით, ჩინეთის არმიამ საბრძოლო სროლით სწავლება ჩაატარა ტაივანის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილში, „ზუსტი დარტყმები განახორციელა და მოსალოდნელ შედეგებს მიაღწია“.
ტაივანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩინეთი არღვევს გაეროს წესდებას, ტაივანის ტერიტორიულ სივრცეში იჭრება და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო საზღვაო და საჰაერო მიმოსვლას.
ჩინეთის ხელისუფლება ტაივანს თავის ტერიტორიად მიიჩნევს და მასთან გაერთიანების განზრახვის შესახებ აცხადებს. აშშ არ აღიარებს ტაივანს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ისევე როგორც, გაეროს ქვეყნების დიდი ნაწილი, მაგრამ მკვეთრ წინააღმდეგობას გამოთქვამს ჩინეთის მუქარასთან დაკავშირებით ტაივანის ძალით მიერთების შესახებ. ადრე ჩინეთმა თავად ტაივანის წინააღმდეგ შემოიღო შეზღუდვები და სანქციები. შეჩერებული იყო კუნძულიდან ციტრუსებისა და ორი სახეობის თევზის იმპორტი.
დისციპლინარული ზომები შემოღებული იყო ასევე "ტაივანის ფონდი დემოკრატიისთვის" და "საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ფონდთან" დაკავშირებით. ჩინეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ "დემოკრატიის" საფარქვეშ ისინი სეპარატისტულ საქმიანობას ეწევიან.