Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეწყვიტა


ლატვიამ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა ეროვნული და შენგენის ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ლატვიის საელჩოს საიტზე მოსკოვში.

იქ მითითებულია, რომ საელჩო აღარ იღებს ვიზებზე განაცხადს რუსეთის მოქალაქეებისგან "საერთაშორისო ვითარებასთან" დაკავშირებით. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება გახდეს ახლო ნათესავის დაკრძალვაზე გამგზავრების აუცილებლობა ლატვიაში.

უფრო ადრე, 1 აგვისტოს, ლატვიამ შეაჩერა რუსეთთან არსებული შეთანხმების მოქმედება რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები მოქალაქეების მიერ საზღვრის გაადვილებული გადაკვეთის შესახებ. რიგაში ეს იმით ახსნეს, რომ რუსეთმა დახურა ლატვიის საკონსულო პსკოვში - ეს იყო ერთადერთი დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელიც გასცემდა საზღვრის გადაკვეთის ნებართვას რუსეთის მოქალაქეებზე.

შეთანხმება 2010 წლიდან მოქმედებდა. მეზობელმა ესტონეთმა 28 ივლისს განაცხადა, რომ წყვეტს მოკლევადიანი ვიზებისა და სასწავლო მიზნებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემას რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის.

ევროპის კავშირის ქვეყნების უმრავლესობა ახლა რუსეთის მოქალაქეებზე გასცემს ტურისტულ ვიზებს, თუმცა, ტურისტების ნაკადმა მნიშვნელოვნად იკლო. ევროპის კავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო კავშირი აღარ არის - ის შეწყდა უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში.

რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს. ომის გამო აშშ-მა და დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვს მკაცრი სანქციები დაუწესეს, რომლებიც არა მხოლოდ ქვეყნის ხელმძღვანელობასა და რუსეთის ბიზნესს, არამედ უბრალო მოქალაქეებსაც შეეხოთ.

XS
SM
MD
LG